28 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ჩამონგრეული რკინის საამქრო და მსხვერპლი ხარაგაულში - რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არმატურის საამქროს რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა,
რის შედეგადაც 1 ადამიანია ადგილზევე გარდაიცვალა. ოლეგ გოგოლაძისთვის დღეს სამსახურში მისვლა საბედისწერო აღმოჩნდა. შენობის კონსტრუქცია რამდენიმე წუთში ჩამოიშალა, ნანგრევებში მოყოლილი 62 წლის მამაკაცი კი ადგილზე გარდაიცვალა. ის გზების სამშენებლო კომპანიაში ელექტრიკოსად მუშაობდა.

დაშავებულების რაოდენობა, მთელი დღის განმავლობაში იზრდებოდა. სამაშველო სამსახურმა ნანგრევებში მოყოლილი ბოლო ადამიანის გამოყვანა, შემთხვევიდან რამდენიმე საათში მოახერხა. დაშავდა 10 პირი, საქართველოს 7 და ჩინეთის 3 მოქალაქე.

დაშავებულებისგან განსხვავებით, გაუმართლა კომპანიის სხვა ათობით თანამშრომელს. მათ ნგრევის შემდეგ შენობიდან თავის დაღწევა საკუთარი ძალებით უსაფრთხოდ მოახერხეს.

მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა, ახლა შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს უკავშირდება. მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ვერსია განიხილებოდა. მათ შორის დიდთოვლობა და მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.

რამ გამოიწვია კონსტრუქციის ჩამოშლა ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ კომპანიაში. იქ სადაც ამბობენ, რომ შენობა თავის დროზე ყველა წესისა და კანონის დაცვით აშენდა.

ხარაგაულში, სოფელ ვერტყვიჭალაში მუშაობა ექსპერტ კრიმინალისტებმა უკვე დაასრულეს. გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, იმ ნგრევის რეალური მიზეზი, რის შედეგადაც 1 პირი გარდაიცვალა და ათობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დადგა.

დღის ამბები