ხარაგაულში ნგრევის დროს დაშავებული 10 პირი კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. "კურიერთან" სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა პირველი კომენტარი ექიმმა, რომელმაც დაზარალებულების მდგომარეობა შეაფასა. მისი თქმით, რამდენიმე პირმა პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, კლინიკა უკვე დატოვა. ამ დრომდე კი, ზესტაფონის სამედიცინო დაწესებულებაში 4 ადამიანი რჩება და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 2 ადამიანი კი, შედარებით მძიმე მდგომარეობით, ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
კომპანიის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ მათთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, თუ რამ გამოიწვია ნგრევა.
"შენობას აქვს მშენებლობის ნებართვა, აგებულია პროექტის მიხედვით. ასე რომ მიზეზებზე, ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეს არის თოვლი. სამუშაო დაწყებული არ იყო, ისე მოხდა ჩამონგრევა. ასეთ დროს ყოველთვის დგება ხოლმე ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვის შეეხება ეს არ ვიცი, ამას გამოძიება დაადგენს,"- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი გიზო კუკალაძე.
ადგილზე კი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შეწყდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებში მოქალაქეები აღარ არიან. უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. რკინის საამქროს კონსტრუქციის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზად დიდთოვლობა განიხილება. დაწყებულია გამოძიება.