28 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" შიმშილობის პირველი დღე - ხატია დეკანოიძის თქმით, პროტესტის ეს ფორმა დიალოგის პროცესს ხელს არ შეუშლის

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან დღეს შიმშილობის პირველი დღეა. პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს 4 პოლიტიკური ლიდერი და ათეულობით აქტივისტი. გაშლილია კარვები, სადაც მოშიმშილეები იმყოფებიან. ადგილზე პერიოდულად მიდიან "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებიც.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ შიმშილობას ვერავინ ვერავის დაავალდებულებს და ეს მძიმე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობს გათვალისწინებით. მისი თქმით, ამ ეტაპზე შიმშილობის აქციაში 100 მდე ადამიანი მონაწილეობს:

"შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა ადამიანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის და მდგრადობის კალკულაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს, ამიტომ რა თქმა უნდა ვერავის დაავალდებულებ," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, ეს საპროტესტო ფორმა ხელს არ უშლის დიალოგის პროცესს, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და რომელშიც ოპოზიციის სახვა წარმომადგენლებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობაც" მონაწილეობს:

"არავითარ შემთხვევაში ეს დიალოგს ხელს არ უშლის, უფრო მეტიც ადამიანების თავგანწირვის ეს ფორმა გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ იმსახურებს ციხეში ყოფნას, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

 

დღის ამბები