28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ეროვნული შერიგება პირობებით თუ უპირობოდ - შედგება თუ არა მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების მედიაცია და როგორ გადანაწილდება როლები შერიგების პროცესში

2 ყოფილ პრეზიდენტს შორის საუბრის მთავარი თემა მოქმედი პრეზიდენტის ინიციატივა უნდა იყოს.

გამონაკლისის სახით, მიხეილ სააკაშვილთან დაშვების მოთხოვნა, გიორგი მარგველაშვილმა შესაბამის უწყებებს უკვე გაუგზავნა. დღესვე, მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედოვნებს ყოფილ პრეზიდენტს მასთან შეხვედრისთვის დაბრკოლება არ შეექმნება. მანამდე კი, უკვე შედგა საუბარი მოქმედ პრეზიდენტთან. რაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა დახურულ კარს მიღმა ამაზე განმარტებები არ კეთდება.

ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით, ფასილიტატორის როლით, დღეს პირველად პრეზიდენტმა დავით ბაქრაძესთან ისარგებლა. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან პირველი ინდივიდუალური კონსულტაცია შედგა. ორბელიანის სასახლე, პოლიტიკოსმა კონკრეტული გზავნილებით დატოვა, რომელიც მისი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია.

დავით ბაქრაძესთან შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლეში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც მივიდნენ. ამ აუდიენციის დასრულების შემდეგ, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი, პრეზიდენტის ინიციატივა არ ყოფილა, თუმცა გარკვეულწილად ამ საკითხზე აქცენტები გაკეთდა.

პრეზიდენტის ინიციატივის მნიშვნელობაზე საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". პარტია, პროცესში ჩართვას პირობების გარეშე გეგმავს.

ეროვნული თანხმობისა და შერიგების აუცილებლობაზე, დანარჩენი პოლიტიკური ჯგუფებიც საუბრობენ.

ინიციატივის არსიც და მიზანიც, - "ქართული ოცნებისთვის" გასაგებია, თუმცა პირველ რიგში შემხვედრ ნაბიჯებს "ნაციონალური მოძრაობისგან" ელოდებიან. მთავარი ოპონენტისგან, მმართველი გუნდი პოლიტიკური ქცევის ცვლილებას ელოდება.

პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების პოზიციები ცნობილია. ახლა ყველა ელოდება, რა მსვლელობა ექნება პრეზიდენტის ინიციატივას და როდის გაგრძელდება აქტიური კონსულტაციები.

დღის ამბები