28 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
რა დახვდა, რა გააკეთა და რის გაკეთებას გეგმავს - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა

დეკემბერი შეჯამების და ანგარიშების თვეა. საანგარიშო წელს ასრულებს ყველა. სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელები, ამ დროს, როგორც წესი, საზოგადოებას გაკეთებული საქმეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან და პრეზენტაციებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც მართავენ.

ორი დღის წინ საზოგადოებას ანგარიში პრემიერ-მინისტრმაც ჩააბარა. სიტყვა საკმაოდ ხანგრძლივი იყო და როგორც შიდა, ასევე საგარეო მიმართულებით, ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხებოდა. 

პრემიერ-მინისტრმა სათქმელი სამ ნაწილად დაჰყო და შემდეგი ერთი საათი, თანმიმდევრობით, სწორედ ამ სამი ნაწილის ირგვლივ ისაუბრა - რა დახვდა, რა გააკეთა და რის გაკეთებას გეგმავს.

ძირითადი გამოწვევების ჩამონათვალიც სამპუნქტიანი იყო ოკუპაცია, უმუშევრობა და შიდა პოლიტიკური კრიზისი - მისი სიტყვებით რომ ვთქვათ დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია; ანგარიშის საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო პანდემიით გაღრმავებულ ეკონომიკურ კრიზისს, რაც პირდაპირ კავშირშია, მათ შორის, უმუშევრობასთან. რა გაკეთდა ამ მხრივ - როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, სტრატეგია, ერთდროულად, ორი ნაბიჯის გადადგმას მოიცავდა, ეს იყო ვაქცინაცია და პარალელურად, ბიზნესის წახალისება, პირველ რიგში, შეზღუდვებისგან გათავისუფლებით.

ქვეყანაში შემოვიდა 5 მილიონი დოზა ვაქცინა, ჩატარდა 2 მილიონი აცრა და ორჯერადად ვაქცინირებულია 1 მილიონზე მეტი ადამიანი. შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა ეკონომიკის ამოძრავება და შედეგად, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც გაზაფხულზე წარმოუდგენლად მიიჩნეოდა.

პრემიერმა, ასევე, ვრცლად ისაუბრა წამახალისებელ პროგრამებზე, რომლის ფარგლებში, მაგალითად, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მომავალ წელს, დაახლოებით, 1 500 ბიზნესს გაფართოებაში დაეხმარება.

უმუშევრობის დაძლევის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა სამი ახალი და ამბიციური ინიციატივა. პირველი - სოციალური დახმარების ხელფასით ჩანაცვლებას გულისხმობს. პრემიერის გეგმა ასეთია - 600 000 სოციალურად დაუცველიდან 300 000-ის დასაქმება, მათთვის შემწეობის ნაცვლად ხელფასის გადახდა და შესაბამისად ეკონომიკაში ჩაბმა უნდა მოხდეს.
საზოგადოების გაჯანსაღებას და შრომისუნარიანობის ამაღლებას ეხმაურება ონლაინკაზინოების რეკლამის აკრძალვის ინიციატივა, მათთვის გადასახადების გაზრდა და მოთამაშეების ასაკის 18-დან 25 წლიან ზღვარზე აწევა.

ასევე მესამე ინიციატივა, რაც ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას უნდა დაუპირისპირდეს. იგეგმება ახალი რეგულაციების დაწესება ფსიქოტროპული აფთიაქებისთვის.

გეგმები, ბუნებრივია, მხოლოდ სოციალურ პოლიტიკას არ ეხება. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რასაც 3.3 მილიარდი ლარი უნდა მოხმარდეს, თავდაცვაზე, მათ შორის, სამხედრო მრეწველობის თუ სხვადასხვა ტიპის იარაღის წარმოების გაფართოებაზე, სამხედროების და ვეტერანების შემოსავლის ზრდაზე, 1000-ზე მეტი ჯარისკაცებისთვის ბინების გადაცემაზე, განათლებაზე, სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე, ტურიზმის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის და წარმოების წახალისებაზე, კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე, სამოქალაქო სერვისების ხელმისაწვდომობაზე ციფრულ იუსტიციის სახლებზე და დანაშაულის პრევენციაზე.

ცალკე მნიშვნელოვანი პუნქტი საგარეო პოლიტიკა იყო. განსაკუთრებით, რუსეთის ბოლო პერიოდის გააქტიურების ფონზე, რომელიც დასავლეთისგან მოითხოვს ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე უარი თქვას.

პრემიერის განცხადებით, 2022 წელს მთავარი ამოცანა ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხის სათანადოდ ასახვა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების იმპლემენტაცია იქნება. ასევე, საქართველო კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას მეზობელ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან სხვადასხვა მიმართულებით.

და ბოლოს, დავუბრუნდეთ ანგარიშის ერთ- ერთ მთავარ პუნქტს - შიდა პოლიტიკას. 
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მან და მისმა გუნდმა ეს კრიზისი წარმატებით დაძლიეს და ყველას მიუჩინეს თავისი ადგილი. მისი თქმით, ქვეყანამ აიცილა გადატრიალების რისკები, ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები და ახლა ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადაჰყავს.

დღის ამბები