28 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
პოლიცია ცნობილი მომღერლის შვილს ეძებს - ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელმაც წუხელ თბილისში მოზარდი დაჭრა

"კურიერმა" ნუცუბიძეზე მომხდარი დაჭრის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია. 17 წლის მოზარდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე, პოლიცია 19 წლის ნიკა თოიძეს ეძებს.

სავარაუდო დამნაშავე ცნობილი მომღერლის, გია თოიძის შვილია. "კურიერი" ცოტა ხნის წინ ესაუბრა ნიკა თოიძის მამას. მისი თქმით, თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შემდეგ, ნიკა თოიძე სახლში არ მისულა და კონტაქტზეც არ გასულა. იმავეს ამბობს სავარაუდო დამნაშავის დედაც. 

"არ მოსულა სახლში, ჩემთან კონტაქტზე არ გამოსულა და არაფერი არ ვიცი. არც დედასთან არ არის, ამის თქმა შემიძლია მარტო. არ არის სახლში, ეგ ვიცი და რაღაც რომ მოხდა, ეგ ვიცი,"-აცხადებს გია თოიძე. 

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამით, ნუცუბიძის პლატოზე, ცივი იარაღით არასრულწლოვანი დაჭრეს. მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა, თუმცა, ამ ეტაპზე, კონკრეტული მოტივი უცნობია.

შემთხვევა ნუცუბიძის მე-4 პლატოზე მდებარე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა. პოლიციამ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები უკვე გამოკითხა; ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. 

როგორც "რუსთავი2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები