28 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
ანგელოზი არავინ არაა და მორალის კვარცხლბეკიდან არ უნდა ვესაუბროთ ჩვენ ერთმანეთს - პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შერიგებაზე

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" განცხადებები  და პოლიტიკური დევნა შეთანხმების მიღწევის გზაზე ბარიერის როლს თამაშობს და პოლარიზაციის შემცირებას ხელს უშლის. ხელისუფლების ოპონენტები ამ საკითხების განხილვას პრეზიდენტთან გეგმავენ. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ბოიკოტს, ისინი ამ რეჟიმიდან გამოსვლას ჯერჯერობით არ გეგმავენ.

"საქართველოს პარლამენტი როდესაც დაიწყებს ნაბიჯების გადადგმას, პოლარიზაციის დასრულებისაკენ, სამართლიანი სასამართლოს არსებობისათვის და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისათვის, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება ამ პროცესების ჩაშლის მომხრე და ბუნებრივია, მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ არ გვაქვს კობახიძესთან შესარიგებელი არაფერი. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა, კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი და ამ ნაბიჯებზე და გეგმაზე მასთან ვისაუბრებთ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე.

დავით ბაქრაძის თქმით, პროცესის დასაწყისში განსხვავებული პოზიციების არსებობა გასაკვირი არ უნდა იყოს. მისი განცხადებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა პოლიტიკური დევნაა, რომლის პრობლემის მოგვარების გარეშე  ქვეყანაში ეროვნული თანხმობის და შერიგების მიღწევა შეუძლებელია.

წინასწარ პირობების დაყენებას ეწინააღმდეგება "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე.

"ანგელოზი არავინ არაა და მორალის კვარცხლბეკიდან არ უნდა ვესაუბროთ ჩვენ ერთმანეთს. "ნაციონალურ მოძრაობას" ეყოფა თავის ცოდვა და შეცდომები, ქართულ ოცნებასაც თავისი ცოდვა და შეცდომები. სწორედ ეს რომ დავასრულოთ, ამისთვის გვჭირდება ეროვნული თანხმობა," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები