28 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
როგორი მახასიათებლები აქვს "ომიკრონს", რომელიც შესაძლოა უკვე საქართველოშია - სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევის შედეგები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე "კურიერთან" ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ "ომიკრონი" ქვეყანაში უკვე ცირკულირებს. პირველად თქვა ისიც, რომ ლუგარის ლაბორატორიაში საეჭვო შემთხვევები უკვე გამოჩნდა. მონაცემების შესწავლას 4-5 დღე დასჭირდება და დადასტურებული პასუხიც საჯარო გახდება. 

"ომიკრონის" შესახებ ბევრ ბუნდოვან კითხვას სამხრეთ აფრიკაში, იმ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ გასცა პასუხი, სადაც ახალი შტამი პირველად გამოჩნდა. დადასტურდა, რომ დღემდე არსებული ყველა ვარიანტისგან გასხვავებით, ის უფრო სწრაფად ვრცელდება და რეინფიცრების რისკი 3-ჯერ მაღალია. უფრო მარტივად ინფიცირდებიან ბავშვები და მოზარდები. ამ ასაკობრივ ჯგუფში 20%-ით მეტს სჭირდება კლინიკაში გადაყვანა, ვიდრე "დელტა შტამის" შემთხვევაში. ვაქცინების ეფექტურობა 33% -ია, თუმცა ორჯერ აცრილები 70%-ით არიან დაცულნი მძიმე შედეგებისაგან. 

ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ "ომიკრონი" "დელტა" შტამისგან განსხვავებით, 10-ჯერ ნაკლებად აზიანებს ფილტვებს, ნაკლებია პნევმონიის მძიმე გართულებული შემთხვევები; თუმცა, 70-ჯერ მეტად მრავლდება ზედა სასუნთქ გზებში და აზიანებს ბრონქებს. როგორც ექიმები განმარტავენ, ახალი შტამით ინფიცრების პერიოდი 3 დღე გრძელდება და ძირითადად, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილს იწვევს.

ეპიდემიოლოგები თანხმდებიან, რომ "ომიკრონი" სწრაფი გავრცელების მახასიათებლებით, მალე დომინანტი გახდება. თუ შტამი საქართველოში ოფიციალურად დადასტურდა, ექიმები არ გამორიცხავენ, "დელტა" ვარიანტი 3-4 კვირაში მთლიანად ჩაანაცვლოს. 

ახალი შტამი უკვე 80-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ახალი საფრთხის წინააღმდეგ მექანიზმებს ამზადებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები