28 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ლიდერებთან ერთად ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) მაღალი დონის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრებმა და სხვა ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯაე-ინმა, ასევე, ესტონეთის, უკრაინის, მაროკოსა და ეკვადორის პირველმა პირებმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღია მმართველობისა და დემოკრატიის ძირითად მიღწევებზე და ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ურყევ ერთგულებას, ასევე დემოკრატიული განვითარების გზაზე ბოლო პერიოდში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს საჯარო სერვისებისა და ინოვაციური პლატფორმების განვითარების, სახელმწიფოს საქმიანობის გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ღია მმართველობის დამკვიდრების კუთხით.

"წლევანდელი სამიტი განსხვავდება ყველა წინამორბედისგან, რადგან იგი, ძირითადად, ვირტუალურად იმართება, რითაც შეგვახსენებს მიმდინარე გლობალური კრიზისის შესახებ და მოუწოდებს ღია მმართველობის პარტნიორობის საზოგადოებას - დემოკრატიების წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების აღიარებისკენ; ძალების გაერთიანებისკენ და ღია მმართველობის საკითხების შეტანისკენ საერთაშორისო დღის წესრიგის პრიორიტეტებს შორის.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ ღია მმართველობის პარტნიორობის მე-10 წლისთავს - პარტნიორობისა, რომელიც შეიქმნა ღია მმართველობის ღირებულებების დასაცავად. ჩვენ გვეამაყება, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობას. მას შემდეგ ჩვენ განვახორციელეთ ღია მმართველობის პარტნიორობის 4 სამოქმედო გეგმა და მივაღწიეთ ისეთ საგრძნობ შედეგებს, როგორიცაა, მაგალითად:

•​სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება;

•​საჯარო მომსახურების მიწოდების ფარგლებში ინოვაციების წახალისება;

•​საჯარო სამსახურის კონცეფციის რეფორმა;

•​რადიკალური ზომების მიღება კორუფციასთან ბრძოლაში;

•​სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ინოვაციური პრაქტიკის დამკვიდრება;

•​ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესებში ხელისუფლების ყველა შტოს ჩართვა.

წარმატებებთან ერთად, ჩვენ გვაქვს შესრულების პროცესში მყოფი ვალდებულებებიც. ჩვენ წინ გველის საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმაში აისახება სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულება და ჩვენი საზოგადოების მიმდინარე საჭიროებები."- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლაში იმ ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ყველა ქვეყანაში ღია მმართველობის მთავარი საფუძველია.

"ღია მმართველობის პარტნიორობის შექმნიდან 10 წლის შემდეგ ჩვენ ვთვლით, რომ დადგა დრო, გადავიტანოთ ყურადღება მყისიერი შედეგების მიღწევიდან ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე უფრო ტრანსფორმაციული ხასიათის გავლენის მიღწევაზე; ღია მმართველობის უზრუნველყოფა არ არის იოლი ამოცანა. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება და კონცენტრირების არეალის გაფართოება, რათა მან, ღია მონაცემების, ღია ბიუჯეტების და ა. შ. გარდა, ასევე მოიცვას სხვა სექტორები, რომლებსაც უშუალო გავლენა აქვს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაზე; დემოკრატიის შესახებ ჩვენი მსოფლმხედველობის შეცვლა: გლობალურმა პანდემიამ ცხადყო, რომ საკითხები, რომლებიც ორიოდე წლის წინ ეხებოდა მხოლოდ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას თუ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, დღეს გულისხმობს სიცოცხლისა და საარსებო საშუალებების გადარჩენას და ეს ბრძოლა მოითხოვს უფრო მედეგი დემოკრატიების მშენებლობას. ჩვენი საქმიანობის ხაზგასმის გარდა, ასევე აუცილებელია ერთიანობა ამ გზაზე და იმის გათვალისწინება, თუ რა გველის წინ და რისი გაკეთება შეუძლიათ მთავრობებს ამ ახალ დროებაში. კიდევ უფრო გაუმჯობესებული დემოკრატიის შექმნა დამოკიდებულია ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნების კოალიციაზე," - განაცხადა პრემიერმა.

გლობალური სამიტი 15-17 დეკემბერს ჰიბრიდულ ფორმატში იმართება. ღია მმართველობის პარტნიორობის შექმნის მეათე საიუბილეო წელს, სამიტს სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დედაქალაქი, სეული მასპინძლობს. ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის მიმდინარე პრიორიტეტები სამოქალაქო სივრცისა და საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინკლუზიური ციფრული ინოვაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას ეხება.

სამიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა თემატური შეხვედრები სამოქალაქო, კორუფციასთან ბრძოლისა და ციფრული ინოვაციების საკითხებზე, მათ შორის გათვალისწინებულია რეგიონული სესიები და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები.

ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო ინიციატივა 78 ქვეყანას აერთიანებს. საქართველომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს 2018 წელს თბილისში უმასპინძლა. 2019 წელს წევრმა ქვეყნებმა საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად სამი წლის ვადით კიდევ ერთხელ აირჩიეს.

დღის ამბები