28 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
სუვერენიტეტისადმი ერთგულება, რეფორმების მხარდაჭერა - რა წერია აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში

სუვერენიტეტისადმი ერთგულება, ასოცირებული ტრიოს ურთიერთობის გაძლიერება ევროკავშირთან და რეფორმების მხარდაჭერა - აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ამ და სხვა საკითხებს აერთიანებს.

22-გვერდიან დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი ერთგული რჩება აღმოსავლელი პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მიმართ. აღიარებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ინიციატივას, გააღრმავონ თანამშრომლობა ევროკავშირთან. ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თითოეული პარტნიორის სუვერენულ უფლებას, აირჩიოს ევროკავშირთან ურთიერთობის ამბიციის დონე და მიზნები.

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული რეგიონში საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამო, ევროპელი ლიდერები მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მოწოდებით გამოდიან.

დეკლარაციაში ხაზგასმულია კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში რეფორმების პროგრესის მნიშვნელობა.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმირებას რეფორმების ტემპი და ხარისხი განსაზღვრავს. ევროკავშირის მხარდაჭერა პირობით მიდგომას ასახავს "მეტი-მეტისთვის" და "ნაკლები-ნაკლებისთვის", შესაბამისად, სარგებელს მოუტანს იმ პარტნიორებს, რომლებიც რეფორმების განხორციელებაში ყველაზე მეტად იქნებიან ჩართულები.

დღის ამბები