28 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
"არ დარჩებიან უმუშევრები, უნდა მოხდეს მათი დასაქმება სხვა სფეროში" - ანდრია ჯაღმაიძე აზარტული თამაშების რეგულირებაზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში, აზარტული თამაშების აკრძალვასა და ახალ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის კანონად ქცევას, საპატრიარქო 3 წელი ელოდა. 

"სამი წელი ველოდებით ამ კანონპროექტის კანონად ქცევის პროცესი დაიწყებოდა. ახლა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თითქმის სრულად აისახა ის პუნქტები, რაზეც მუშაობდა მაშინ ეს ჯგუფი. საპატრიარქოდან ძირითადი პუნქტი იყო 25 წლიანი ცენზი, თუმცა იყო სხვა მოსაზრებებიც. მაგალითად, როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანის იდენტიფიცირება, რომელიც უშავებს, არამარტო საკუთარ თავს, არამედ ოჯახსაც - ადამიანს, რომელსაც შემოსავალი არ აქვს და მაინც თამაშობს. რაღაც ხელფასის მიხედვით უნდა განესაზღვროს ადამიანს თამაშის უფლება. თუ არ აქვს ხელფასი და მაინც თამაშობს, ანუ ცუდად არის საქმე,"- აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, შეკითხვაზე - თუ რა უნდა ქნან ადამიანებმა, რომლებიც ამ სფეროში იყვნენ დასაქმებულები და უმუშევრები დარჩებიან, ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ბიზნესი რეალობას უნდა მოერგოს და მათი დასაქმება სხვა სფეროში უნდა მოხდეს:

"არ დარჩებიან უმუშევრები, ბევრი არგუმენტი იყო მოყვანილი თუმცა ითქვა, რომ ბიზნესს ახასიათებს რეალობაზე მორგება და უნდა მოხდეს მათი დასაქმება სხვა სფეროში. სახელმწიფო ამისათვის უნდა მოემზადოს. დღეს ცნობიერების ამაღლებისათვის არაფერი კეთდება. ადამიანი კაზინოში იმ იმედით შედის, რომ მოიგებს - ეს სრული აბსურდია, რაც უფრო დიდხანს თამაშობ, მით უფრო დიდია საბოლოო ჯამში წაგება," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, პარლამენტში აზარტული თამაშების შესახებ, კანონპროექტის განხილვას ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ თითქმის 1 წელია, რაც ამ მუშა ჯგუფში ჩართული იყო საპატრიარქო. 

აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 

დღის ამბები