28 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
ახალი მუტაციების საფრთხე - რომელ რისკჯგუფშია საქართველო? - "ომიკრონი" აშშ-ის კონგრესის შეკრების მიზეზი გახდა

ახალი შტამი ახალი მასშტაბური პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის. "ომიკრონი" უკვე იანვარში გახდება დომინანტი ევროპაში, სადაც უკვე ბავშვების მასობრივი აცრა დაიწყეს. 77-მა ქვეყანამ უკვე დაადასტურა რომ ის ახალი შტამის გავრცელების ადგილია.

კოვიდის ახალი ვარიანტის გამოვლენის შემდეგ, ამერიკის კონგრესში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, იმაზე სამსჯელოდ, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ვაქცინაცია მთელს მსოფლიოში. კონგრესში თქვეს, რომ სავარაუდოა ვირუსის მუტაცია და ახალი ვარიანტები დაბალი იმუნიზაციის ქვეყნებიდან გაჩნდეს, რაც აფერხებს პანდემიის დასრულებას და მძიმე დარტყმას აყენებს ამერიკის ეკონომიკას.

"ექსპერტების თქმით, ვირუსის ვარიანტების გაჩენა მეტად სავარაუდოა, ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებში, რომლებშიც ვირუსის მუტაციის შესაძლებლობას, იმუნიზაციის ჩამორჩენილი მაჩვენებელი ქმნის. რაც უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდება, უფრო დიდია რისკი, რომ მეტად გადამდები და სასიკვდილო იყოს. ასევე რეზისტენტული ახლანდელი ვაქცინების მიმართ," - აცხადებს კონგრესის კორონავირუსის კრიზისის მართვის კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს ქლეიბერნი.

სპეციალისტთა ამ მოსაზრების დადასტურებაა "ომიკრონი", რომელსაც ყველა სხვა წინა ვარიანტზე მეტად შეუძლია იმუნური სისტემის დაცვას გვერდი აუაროს. კორონავირუსის კრიზისის მართვაზე პასუხისმგებელმა კონგრესის ქვედა პალატის კომიტეტმა სხდომა ონლაინ გამართა. ეკონომისტები უხსნიდნენ კანონმდებლებს, თუ რამდენად დიდია ამერიკის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი. პროგნოზს, რომელიც მათ წლის დასაწყისში ჰქონდათ, ბევრად უარესი რეალობა მოჰყვა.

"2021 წლის იანვარში, პანდემიის პროგრესირების გათვალისწინებით, ჩვენ ვივარაუდეთ 4 ტრილიონი დოლარის ოდენობის გლობალური საფასური, წლის ბოლომდე, იმ სცენარის მიხედვით, თუკი მდიდარი ქვეყნები ყველა მოქალაქეს აცრიდნენ, ღარიბი ქვეყნები კი მოსახლეობის ნახევარს. ამ 4 ტრილიონი დოლარის 49 % ამერიკაზე, კანადაზე, იაპონიაზე და ევროპაზე მოდის. შეერთებული შტატებისთვის საფასური, 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ია, რაც 671 მილიარდ დოლარს შეადგენს. დღეს რეალობა ჩვენს ვარაუდზე ბევრად უარესია," - აღნიშნა მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა სებნემ ქალემნი-ოზჯანმა.

აშშ-ის ეკონომიკისთვის შექმნილ რისკებზე საუბრობს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ქეთრინ რაისიც:

"საზღვარგარეთ დიდი რაოდენობით ხალხის აუცრელობა, ამერიკის სამუშაო ძალაში ახალი ვარიანტების შემოსვლის რისკებს ზრდის. როგორც ამ შემოდგომაზე ვნახეთ, თითოეულ ტალღა პირდაპირ და სერიოზულად ურტყამს ჩვენს ეკონომიკას. მათ შორის მომსახურების სექტორს"- აცხადებს ქეთრინ რაისი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაზარდა ძალიან მაღალი რისკის, ე.წ. მე-4 კატეგორიის ქვეყნების სია და მასში იტალიაც შეიყვანა. ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების რიცხვში, სადაც მოგზაურობა არ არის რეკომენდირებული, სხვა პოპულარული ევროპული მიმართულებებიც და საქართველოც რჩებიან.

ეპიდემიოლოგებმა უთხრეს კომიტეტს, რომ პარტნიორებთან, ვაქცინების მიწოდების გარდა, დეზინფორმაციაზე საპასუხოდაც ითანამშრომლონ, რადგან, მცდარი ინფორმაციის გავრცელება ვაქცინაციის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზია.

ამ დროისთვის, შეერთებული შტატებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ვაქცინის 317 მილიონი დოზა აქვს გაგზავნილი. ბაიდენის ადმინისტრაციამ სულ მილიარდ 200 მილიონი დოზის დონაციის ვალდებულება აიღო.

 

 

დღის ამბები