28 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს ოჯახის 3 წევრი გარდაცვლილი დახვდა - ვაზიანში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ახალი დეტალები

თბილისში, ვაზიანის დასახლებაში მდებარე ბინა, სადაც დღეს დილით 3 ცხედარი აღმოაჩინეს, პოლიციამ უკვე დალუქა. სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში, საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ, აიღეს ანაბეჭდები, დაასურათეს შემთხვევის ადგილი, ამოიღეს დანაშაულის იარაღი - დანა და დღის ბოლოს, სახლიდან ნივთმტკიცებებიც წაიღეს.

ვაზიანში, მკვლელობის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც, გარდაცვლილი ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მცირეწლოვანი ბავშვი სახლში მივიდა, კარზე დააკაკუნა და ხმა არავინ გასცა. მოზარდმა დასახმარებლად ბიძას დაურეკა. ნათესავებმა ბინის კარი ძალის გამოყენებით შეამტვრიეს, ადგილზე კი, ახალგაზრდა მამაკაცი, მისი მეუღლე და სიდედრი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

რა მოხდა მანამდე და რა გახდა მკვლელობის მიზეზი - ამაზე საუბარი მეზობლებს უჭირთ. ისინი "კურიერთან" ჰყვებიან, რომ ოჯახი უკონფლიქტო იყო და შემთხვევამდე ჩხუბი არ გაუგიათ, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, ერთ-ერთი, "კურიერის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო.

ახალგაზრდა მამაკაცმა, ცოლს ჯერ ზურგიდან დაარტყა, შემდეგ კი დაზიანებები ყელის არეში მიაყენა. დანით გაუსწორდა სიდედრსაც, თავად კი ვენები გადაიჭრა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, არ არის გამორიცხული, ბრალი გადაკვალიფიცირდეს, ან გამოძიებას ახალი მუხლი დაემატოს.

დღის ამბები