28 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
"მძღოლი ხარ და ხმა არ უნდა ამოიღო, რასაც იშოვი შუაზე გატეხავ..." - როგორ ივსებოდა" ქურდული სალარო" "დარეკეტებული" ტაქსის მძღოლების ფულით 

"შენ მძღოლი ხარ და ხმა არ უნდა ამოიღო, რასაც იშოვი დღე და ღამე გატეხავ შუაზე, ასეა ქურდული და ქუჩური"- ქურდული და ქუჩური წესებით ცხოვრებას, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე თვითდასაქმებულ ტაქსის მძღოლებს აიძულებდნენ. გამომუშავებული თანხის ნახევარი მათ ე.წ "ოფშიაკში" უნდა შეეტანათ - წინააღმდეგ შემთხვევაში,კი ტერიტორიაზე მუშაობა ეკრძალებოდათ. დაკავებულებს "კანონიერი ქურდი" ირაკლი ყალიჩავა მფარველობდა.

"იანდექსა: 100 დოლარი ეს ძმა, 500 ლარი ეს... ეს ფული ვაბშე სხვაგან მიდის, ბრატ ბო***ლი ვიყო... 

- სად მიდის ფული, ფულს მახდევინებ და არ ვიცოდე სად მიდის?"

- " ჩემი ტრ***თ ხო მუშაობ, ჩემი მოსაცემი რაც გაქ ის მომეცი...

- "წიხლს მაჭერთ რა". 

"ქურდული საერთოსთვის" თანხის განაწილებამ მძღოლების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც დაპირისპირება და თურქეთში ქურდული გარჩევა მოჰყვა. დავა კანონის ნაცვლად, "კანონიერმა ქურდმა" თენგიზ ხოფერია იგივე - "ჭინკამ" გადაწყვიტა.

"აქ ჩემს გარდა ხალხია კიდე იცით და ოფიციალურად 4 კაცთანაა ფული მისასვლელი"- ამბობს თენგიზ ხოფერია.

ბრალდებულები 8 თვის განმავლობაში ახდენდნენ ტაქსის მძღოლების რეკეტს - შემდეგ კი დანაშაულებრივი სქემა სამართალდამცველებმა გაშიფრეს და მასშტაბური სპეცოპერაცია დაგეგმეს, საპოლიციო ღონისძიება 9 ადამიანის დაკავებით დასრულდა. ერთ-ერთი მათგანი ყოფილი დეპუტატის თემურ ჟორჟოლიანის ვაჟია.

საპოლიციო ღონისძიება, დილის საათებში ჩატარდა ვარკეთილშიც - შუამთის ქუჩაზე სამართალდამცველებმა, იგივე ბრალდებით 60 წლის მამაკაცი აიყვანეს, დაკავებულის შვილი, "კურიერთან" საუბარში, ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტთან მამის ნაცნობობას ადასტურებს, საუბრობს მოკითხვის მიზნით შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციაზეც.

"ვიცნობდი და მოვიკითხეო. თუ მოკითხვა დანაშაული იყო ნაღდად არ ვიცოდიო,"- აცხადებს დაკავებულის შვილი.

ანალოგიური ბრალდებით დღეს დილით სამი მამაკაცი დააკავეს გლდანსა და ვარკეთილში. ჩატარდა ჩხრეკაც რა დროსაც პოლიციელებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წლ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ.

დაკავებულებს, გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ცხრავეს, 3-დან 10 წლამდე ვადით დააპატიმრებენ.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე 

 

დღის ამბები