28 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
"ახლა დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის" - ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ დროა რეალური ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის. ​ლიეტუველმა ევროდეპუტატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ევროპარლამენტში პარტნიორობის წევრი ქვეყნების შესახებ ისაუბრა.

კუბილიუსის თქმით, დასავლეთის მიერ პუტინის დაშოშმინება რუსეთის პრეზიდენტის უფრო მეტ მუქარასა იწვევს. ლიეტუველი ევროდეპუტატის განცხადებით, აღარ არის საკმარისი იმის თქმა, რომ ნატო და ევროკავშირი კრემლის მოთხოვნებს არ მოუსმენენ და დროა რეალური ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის, რაც დღეს დაგეგმილი სამიტიდან უნდა დაიწყოს.

კუბილიუსის განმარტებით, წინსვლაა საჭირო ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის საკითხზეც.

"პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვას და არა ქართველებმა და უკრაინელებმა.

ახლა პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს უკრაინის მომავლით – მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავნებდეთ? თუ არა, მაშინ ახლა ნამდვილად აღარ არის საკმარისი იმის თქმა, რომ ნატო და ევროკავშირი არ მოუსმენენ კრემლის მოთხოვნებს. ახლა დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის და ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან უნდა დავიწყოთ.

ასევე უნდა წავიწიოთ წინ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის საკითხზე. ეს თუ არ მოხდება, მაშინ ცხადი გახდება, რომ ამ ქვეყნების მომავალი რეალურად მსხვერპლად შეეწირა პუტინის დაშოშმინებას,“ - ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.

დღის ამბები