28 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
თაღლითური სქემა ლომბარდში და ათასობით მოტყუებული დამგირავებელი - ვინ იღებს პასუხისმგებლობას გაძვირებულ და დაკარგულ ნივთებზე

თაღლითური სქემის გამო საქართველოში ათეულობით მოქალაქე ლომბარდში ჩადებულ საკუთარ ძვირფას ნივთებს ეძებს, კიდევ უფრო მეტს კი მათი გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა არ აქვს. "ემ ფინანსთან" ერთად სკანდალშია გახვეული "საქართველოს ბანკიც". ლომბარდის მეპატრონემ, მოქალაქეების ნებართვის გარეშე მათი კუთვნილი ოქროულობა თანხის სანაცვლოდ სწორედ ბანკში ჩადო.

ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები რაოდენობაში ათი ათას სცილდება, თანხაში კი ეს მილიონობით ლარია. ლომბარდის მეპატრონე საქართველოდან გაქცეულია და ბრალდებებს "საქართველოს ბანკს" უყენებს.

შპს-ს მფლობელი არაფერს ამბობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე და მომხდარს ლარის ინფლაციას და ეროვნული ბანკის არაადეკვატურ რეგულაციებს უკავშირებს. უფრო მეტიც, სხვისი ნივთების დაგირავებით ქვეყნიდან გაქცეული პირი დაზარალებულებს მოუწოდებს პროკურატურას მიმართონ და ზედმეტი არ გადაიხადონ.

გაურკვევლობაში მყოფი მოქალაქეები პოლიციის განყოფილებაში საჩივრებს წერენ. საგამოძიებო უწყებამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ათობით ინდივიდუალური განცხადება მიიღო.

ათასობით მოქალაქის წინაშე პასუხისმგებლობას ლომბარდიც იხსნის და "საქართველოს ბანკიც". მოხდა თუ არა ნივთების უნებართვო გადაგირავება - რა როლი აქვს ლომბარდს და ბანკს შექმნილ ვითარებაში - ამ შეკითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს.

​შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები