28 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ფსიქიური თვალსაზრისით, არის ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია, გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს - თენგო წულაძე მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ნევროლოგი თენგო წულაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა. ამის შესახებ განცხადება დღეს ბრიფინგზე გაკეთდა.

თენგო წულაძემ ასევე განაცხადა, რომ ექიმთა კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში, კონკრეტულად კი, გლდანის დაწესებულებაში გადაყვანას მხარს არ უჭერს:

"პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ასევე გამოხატულია ანემია.

ფსიქიური თვალსაზრისით, არის ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. სომატურ მდგომარეობას რაც შეეხება, პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში და ეს მოსაზრებები გადაეცემათ მათ ხელზე.

ფსიქოთერაპიის შესახებ ჩვენი ადრე გაცემული რეკომენდაციები არ ან ვერ შესრულდა, მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ აქცენტს. ფიზიკური რეაბილიტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია. რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესიაც და პოსტრავმული აშლილობაც. ფსიქოთერაპია ამ მხრივაც დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს. რადგან ადამიანს პოსტტრავმული აშლილობა აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან ეს სტრესი ზუსტად იქ მიიღო, პენიტენციურ დაწესებულებაში, უფრო მეტად გლდანში, ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს იმ გაგებით, რომ პოსტტრავმული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც არ აგონებს იმას, სადაც სტრესი მიიღო," - განაცხადა თენგო წულაძემ.

მისი თქმით, გორის ჰოსპიტალის ექიმებთან კონსილიუმი ნაყოფიერად თანამშრომლობს და ხდება ერთმანეთის მოსაზრებების გაცვლა და გათვალისწინება.

რაც შეეხება ფარმაკოლოგიურ წამებას, რომელიც ძლიერმოქმედი მედიკამენტის არასაჭირო  დოზით მიღებას გულისხმობს, ნევროლოგი თენგო წულაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია წამალი იმ დოზით, რომ ეს გადაჭარბებულ დოზად ჩაითვალოს.

"ორგანიზმში ჩვენ ვერ დავაფიქსირებთ ამ წამალს, იმიტომ რომ კვლევა არ ტარდება, ქუეთიაპინია მხედველობაში, კეტილეპტის სახელით იყიდება ის, ჩვენ რაც ვნახეთ ისტორიაში, გადაჭარბებული დოზით პაციენტს არ მიუღია, ერთ-ერთ კონსილიუმში იყო ისეთი დოზით, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, მაგრამ თერაპიულ სიგანეში ჯდებოდა და არ იყო ტოქსიური დოზით მიცემული. თუმცა იმ დოზითაც არ მიუციათ პაციენტისთვის, იმ ექიმებს, რომლებიც გორში არიან ის დანიშნულებაში არ გადაუტანიათ," - აღნიშნა ნევროლოგმა.

დღის ამბები