28 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

უმძიმესი საქმე, რომელზეც პირველი სიუჟეტი "კურიერში" გავიდა - დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა მამას, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, საკუთარ შვილებს აუპატიურებდა. 40 წლამდე მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში დარჩა.

გავრცელებული ვერსიით, ქალმა პოლიციაში სულ სხვა პირის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა. დედა ჩიოდა, რომ მის არასრულწლოვან შვილზე 24 წლის მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა. გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ 12 წლის გოგონას არამხოლოდ დასახელებული ახალგაზრდა კაცი, არამედ საკუთარი მამა სისტემატურად აუპატიურებდა. ძალადობის მსხვერპლია მისი 9 წლის დაც.

ადვოკატის, სოფო გოგლიჩიძის თქმით, ბრალდებული მამა ფაქტს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

"იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და იყენებს დუმილის უფლებას. დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. რა თქმა უნდა გავასაჩივრებ აღკვეთ ღონისძიებას. მოწმე ფაქტობრივად საქმეზე არ არსებობს. ერთადერთი არის ბავშვის ჩვენება, რომელიც არის 10 წლის. ამ ჩვენების უკან რა დგას, დროთა განმავლობაში გაირკვევა, როცა დაიწყება გამოძიება და გადავა საქმე სასამართლოში," - განაცხადა სოფო გოგლიჩიძემ.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. მამაკაცი 15 წლამდე ასაკის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის ბავშვებზე. მამასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

 

ავტორი: ავთო გვასალია

დღის ამბები