28 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
მე-15 საუკუნის უნიკალური ხიდი, რომელიც შემთხვევით მწყემსმა აღმოაჩინა - საქარავნო ხიდს ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მიაგნეს

უძველესი აგურით ნაშენები, სავარაუდოდ, "საქარავნო ხიდი", რომელიც მე-15 საუკუნეთა დათარიღებული, ყვარელ-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, მწყემსმა შემთხვევით აღმოაჩინა.

აღმოჩენის შემდეგ იმ ადამიანს აცნობა, რომელიც ძვირფასი აგურის შეგროვებით არის გატაცებული. ისტორიული ნაგებობის ნახვის შემდეგ, კახეთის მკვიდრი პაპუნა მუმლაძე მიხვდა, რომ მწყემსმა, სავარაუდოდ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მიაგნო.

ადგილობრივი არქეოლოგი ამბობს, რომ ხიდი უნიკალური აგურით არის ნაშენები. პირველადი არქეოლოგიური დათვალიერებით, ნაგებობა დაუზიანებელია. აგურების ზომები კი, მე-15 საუკუნეში გამოყენებულ სამშენებლო მასალას ემთხვევა.

ისტორიული სავაჭრო გზის არსებობას, კიდევ ერთი ფაქტი ამყარებს, "საქარავნო გზიდან" რამდენიმე კილომეტრში, სოფელ კაბალში უკვე არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც წყაროების მიხედვით, მე-15, მე-16 საუკუნეებში, მოგზაურთა მოსასვენებელი და თავდაცვითი ადგილი იყო.

პირველადი სამუშაოები, ლაგოდეხის მუზეუმის ხელმძღვანელობისა და ადგილობრივ კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების მიერ უკვე ჩატარებულია. მთავარი გზიდან აღმოჩენის ადგილამდე გზა გაწმენდილია. 

ადგილზე უკვე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები. სპეციალისტები ძეგლთა დაცვის სააგენტოს დასკვნას ელოდებიან.

დღის ამბები