28 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ევროკავშირმა რუსულ სამხედრო კომპანიას სანქციები დაუწესა - რას პასუხობს რუსეთის მუქარას აშშ და დიდი შვიდეულის კიდევ 6 სახელმწიფო

რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირმა რუსულ სამხედრო კომპანიას და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. შესაბამის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ისაუბრა. 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთი დასავლეთს მძიმე შედეგებით უკვე მეორედ ემუქრება. ლავროვის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას, ამჯერად, მისი მოადგილე აფრთხილებს. სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ ნატო-ს გაფართოება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საზიანოდ არ უნდა მოხდეს.

რუსეთის მუქარას მუქარით პასუხობს შეერთებული შტატები და დიდი შვიდეულის კიდევ 6 სახელმწიფო. კრემლის ულტიმატუმის მიუხედავად, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ბუქრესტის სამიტზე გაცემული დაპირების გადახედვა არ მოხდება. შტატების პირველმა დიპლომატმა მოსკოვს კიდევ ერთხელ შეახსენა საერთაშორისო წესები, რომლის მიხედვით, არცერთ ქვეყანას არ აქვს სხვა ქვეყნის საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის უფლება.

ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ერთგულია ნატო - ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ საქართველომ და უკრაინამ საკუთარი მომავალზე არჩევანი თავად უნდა გააკეთონ. ამავე პოზიციას იზიარებს ევროკავშირიც რომლის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან დღეს ბრიუსელში საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფიქრობს, რომ კრემლის ქმედებები და განცხადებები მიზნად მხოლოდ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის ჩამონგრევას ისახავს, რასაც დასავლეთი ერთიანი მტკიცე პოზიციით უნდა დაუპირისპირდეს. დღესვე პრემიერ მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა, რომელიც საქართველოში თავის საქმიანობას ასრულებს. ნატოში გაწევრიანება რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, ირაკლი ღარიბაშვილმა და როზარია პუგლისმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

მიიღებს თუ არა დასავლეთისგან კრემლი მკაცრ პასუხს ჯერჯერობით უცნობია, მანამდე ევროკავშირი რუსეთისთვის მასშტაბური სანქციების დაწესებას განიხილავს. დასავლეთი ახლა მოსკოვისგან პირობის შესრულებას მოითხოვს რომ უკრაინის საზღვართან მობილიზებულ 100 ათასზე მეტ სამხედროს ქვეყანაში შესაჭრელად არ გამოიყენებს.

დღის ამბები