28 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
პოსტიდან გადამდგარი ჯანდაცვის მინისტრი დღეს მედიასთან გამოჩნდა - ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს, ჯერაც უცნობია

22-თვიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ეკა ტიკარაძე კითხვებს ისევ არ პასუხობს. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა, თუმცა არც შემცვლელზე და არც პოსტიდან წასვლის მიზეზებზე საუბარი არც დღეს ისურვა.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი მთავრობის სხდომაც გაიმართა, თუმცა ტიკარაძე მას არ დასწრებია. ჯანდაცვის უწყება ახლა ახალი ხელმძღვანელის დასახელებას ელოდება.

მინისტრის გადადგომის მხოლოდ ვერსიებზე საუბრობენ ამ დრომდე ოპოზიციაშიც. ხელისუფლების ოპონენტები რამდენიმე საკითხს ასახელებენ, რაზეც, მათი თქმით, შესაძლოა, ტიკარაძესა და სახელისუფლებო გუნდის ლიდერებს შორის განსხვავებული პოზიციები იყო. ყველა ვერსიას სიცრუეს უწოდებენ მმართველ პარტიაში და ამას ოპონენტების პიარ გათვლას უკავშირებენ.

ვინ შეცვლის ტიკარაძეს, უმნიშვნელოა ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ პრობლემა არა კონკრეტულ პიროვნებაში, არამედ სისტემაშია.

დავით სერგეენკო გამორიცხავს, რომ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის სავარძელი მეორედ დაიკავოს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ყველა შესაძლო რესურსი აქვს იმისთვის, რომ ღირსეული კანდიდატი წარადგინოს, ამბობენ, იმასაც, რომ სია გაცილებით გრძელია, ვიდრე მედიაში ვრცელდება.

ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია ვაკანტური გასული კვირის ბოლოდანაა, ეკა ტიკარაძემ გადადგომის შესახებ, ოფიციალურად, უკვე განაცხადა, თუმცა მოვალეობის შესრულებას დეკემბრის ბოლომდე აპირებს.

დღის ამბები