28 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებს, თუმცა დოზები თერაპიული მკურნალობის პროტოკოლთან თანხვედრაშია - ფსიქიატრი

მიხეილ სააკაშვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებს, თუმცა დოზები თერაპიული მკურნალობის პროტოკოლთან თანხვედრაშია და გადაჭარბებული არ არის. ეს შეფასება სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა ფსიქიატრმა გააკეთა.

ექიმების ჯგუფი ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას, ასევე მის სამედიცინო დოკუმენტაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ სააკაშვილის პირადი ექიმი და სახალხო დამცველიც. შემდეგი ეტაპი განხილული დოკუმენტაციის ანალიზია, რის შემდეგაც ექიმების ჯგუფმა სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეტალური დასკვნა უნდა მოამზადოს.

"ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით პაციენტის საქმე დეტალურად შეისწავლა. ჩატარდა მისი უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მიმდინარეობდა მის მკურნალ ექიმთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება. მივიღეთ ინფორმაცია. ექიმებს სჭირდებათ მიღებული ინფორმაციის შეჯერება და ამის შემდგომ ბუნებრივია, საჯაროდ გავრცელდება დასკვნა," - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისას მიღებული მედიკამენტების დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის.

"შევისწავლეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, გავესაუბრეთ მის მკურნალ ექიმს. წინა კოლეგების ჩანაწერებსაც გავეცანით, ბატონ მიხეილსაც გავესაუბრეთ საკმაოდ დიდხანს და დაწვრილებით. მედიკამენტები რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ინიშნება: დიაგნოზის შესაბამისი უნდა იყოს, შემდეგ იწყება მინიმალური თერაპიული დოზით და იმის მიხედვით თუ რა შედეგს მივიღებთ, შესაძლოა თანდათან მოიმატოს მაქსიმალური თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის," - განაცხადა ფსიქიატრმა.

დღის ამბები