28 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან - ზემო ნიქოზელები გამორიცხავენ, რომ გატაცებულს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა

მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან - რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, 40 წლის მამუკა ჩხიკვაძე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ასევე ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.​

მადონა ჩხიკვაძემ არ იცის, რა შეიძლება გამხდარიყო მისი ძმის გატაცების მიზეზი. საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლის და "კურიერთან" ჰყვება, რომ შესაძლოა მამუკა ჩხიკვაძე რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი დედის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ გზა აებნა და ე.წ. საოკუპაციო ხაზთან მოხვდა.

გატაცებული რომ ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ხშირად დადიოდა, ამას არც ქარელის რაიონში მცხოვრები მამიდა უარყოფს. მისი თქმით, მამაკაცი ორი დღის წინ მასთან სახლში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ჩხიკვაძის კვალი დაიკარგა.

მამუკა ჩხიკვაძის სავარაუდო მარშრუტზე "კურიერთან" დღეს მისმა თანასოფლელებმაც ისაუბრეს. ზემო ნიქოზში ჰყვებიან, რომ დატყვევებული რამდენიმე დღის განმავლობაში გარდაცვლილი დედის ორმოცისთვის საჭირო ტრადიციული სამზადისით იყო დაკავებული.

ზემო ნიქოზელები იმასაც გამორიცხავენ, რომ გატაცებულ ჩხიკვაძეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვინმესთან კონფლიქტი ჰქონოდა. ადგილობრივები მას, როგორც გაწონასწორებულ ადამიანს ახასიათებენ.

დღის ამბები