28 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
5 დაჭრილი, მათ შორის 10 თვის ბავშვი - ახალქალაქში მომხდარი ფაქტის მოტივებზე დაზარალებულების ახლობლები საუბრობენ

5 დაჭრილი, მათ შორის 10 თვის ბავშვი - ახალქალაქში გუშინ მომხდარი მძიმე ფაქტის შესახებ "კურიერთან" დაზარალებულების ახლობლები მოტივებზე საუბრობენ.

"კურიერის" ინფორმაციით, სასურ მარტიროსიანი, რომელმაც ყოფილი მეუღლე და მისი ოჯახის წევრები დაჭრა, ძალადობის გამო წარსულშიც იყო დაკავებული და ციხიდან ახალი გამოსულია. განმეორებით ჩადენილი უფრო მძიმე დანაშაულის გამო მას ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენენ.

რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, სამი პაციენტი, მათ შორის ბავშვი ახალქალაქის კლინიკიდან უკვე გაწერეს. ბრალდებულის სიდედრი და სიმამრი, რომლებსაც შედარებით მძიმე დაზიანებები აქვთ, ამ დრომდე თბილისში, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში რჩებიან.

სავარაუდოდ შურისძიების მოტივით სასურ მარტიროსიანმა დანით სხეულის დაზიანებები მიაყენა ყოფილ ცოლს, სახლში მყოფ 10 თვის ბავშვს და ოჯახის კიდევ 3 წევრს.

დაზარალებულის ოჯახის წევრი იხსენებს, რომ 2 წლის წინ ბრალდებულსა და მის ცოლს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც სიმამრმა პოლიციაში დარეკა. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს შემთხვევა გახდა დანაშაულის მოტივიც.

სოფელ პატარა სამსარში შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. დაკავებულის მეზობლები "კურიერთან" ამბობენ, რომ მარტიროსიანმა ციხეში 1 წელი გაატარა. ბრალდებულის მამის თქმით, თუ სად მიდიოდა დანაშაულის ღამეს მისი შვილი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და ამჟამად იზოლატორში იმყოფება.

დღის ამბები