28 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ახალქალაქში 5 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს - უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას

ახალქალაქში 5 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს. 42 წლის სასურ მარტიროსიანი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

"კურიერი" დაკავებული მამაკაცის სოფელში, კაჭიოში იმყოფებოდა. მისი მეზობლები ადასტურებენ, რომ მამაკაცი 1 წელი ციხეში იჯდა.  ყოფილი ცოლის და მისი ოჯახის წევრების დაჭრის ერთ-ერთ მიზეზად კი, პოლიციაში საჩივრის შეტანის გამო შურისძიება სახელდება.

"ვიცით, რომ ცოლთან კონფლიქტის გამო ციხეში 1 წელი გაატარა. ახლა რა მოხდა ჩვენთვის უცნობია, ვინაიდან ახლა ოჯახთან ახლო კავშირი არ გვაქვს," - აცხადებენ ადგილობრივები.

დაკავებულის სოფელში სამართალდამცველები დღესაც იმყოფებოდნენ. მათ ჰქონდათ დამატებითი კითხვები ოჯახის წევრებთან, კონკრეტულად კი აინტერესებდათ, ჰქონდა თუ არა დაკავებულ მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები. 

დაკავებულის მამა დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ მის შვილს  ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია და ვერ ასახელებს მიზეზს, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა დაეჭრა მის შვილს ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრები.

"ფსიქოლოგიური პრობლემები იმათ აქვთ ჩემს შვილს კი არა. მე სხვა საქმეზე მეგონა წასული, შემდეგ კი ეს ამბავი მოხდა," - განაცხადა დაკავებულის მამამ.

ცნობისთვის, ახალქალაქში შუახნის მამაკაცმა ყოფილ ცოლს და მის ოჯახს სხვადასხვა სახის ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილია 5 ადამიანი, მათ შორის 10 თვის ბავშვიც. მიზეზად შურისძიება სახელდება. 



დღის ამბები