28 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
"დედა გარდაიცვალა, მამაც გარდაცვლილი გვყავს, ძმაც" - რას ყვებიან ახლობლები ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცის შესახებ

მორიგი გატაცება სოფელ ზემო ნიქოზიდან - საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 40 წლის მამუკა ჩხიკვაძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე აიყვანეს.

როგორც "კურიერთან" საუბრისას გატაცებულის ახლობლები ყვებიან, მამუკა ჩხიკვაძეს რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალა დედა და სავარაუდოდ ის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც, შესაძლოა მას გზა აებნა და მოხვდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

"ბათუმში ცხოვრობდა. დედა დაეღუპა, 25-ში გვაქვს ორმოცი. აქ იყო ჩვენთან და შემდეგ ბრეთის მეურნეობაში წავიდა და მეტი არაფერი არ ვიცი. ოკუპირებულ მხარეს, კოდაში ჩემს მეუღლეს ბიძა ჰყავს, ისიც დაიღუპა, ვიდრე დედამისი გარდაიცვლებოდა, მანამდე ის კაცი მოკვდა. იქ მიდიოდა ხოლმე," - განაცხადა "კურიერთან" საუბრისას გატაცებულის ბიცოლამ.

2 დღის წინ ვილაპარაკეთ, აქ [ბათუმში] უნდა ჩამოსულიყო. ჯერ დეიდაჩემთან უნდა ჩასულიყო და შემდეგ აქ. შეიძლება ახლა ის ცოტა დაბნეულია. დედა გარდაეცვალა, მამაც გარდაცვლილი გვყავს, ძმაც. შეიძლება სტრესიდან გამომდინარე გადავიდა, სხვა არაფერი მიზეზი არ აქვს. გაწონასწორებული ადამიანია," - აღნიშნა მამუკა ჩხიკვაძის დამ ირმა ჩხიკვაძემ.

"კურიერმა" ასევე მამუკა ჩხიკვაძის მეზობლებიც ჩაწერა. მათი თქმით, გატაცებული ბოლო 2 დღის განმავლობაში სოფელ ზემო ნიქოზში იმყოფებოდა, თუმცა რა მიზეზით შეიძლება მომხდარიყო ის საოკუპაციო ხაზთან ახლოს, მათ ვერსიები არ აქვთ. თანასოფლელები გატაცებულ მამუკა ჩხიკვაძეს დადებითად ახასიათებენ.

დღის ამბები