28 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
"თუ რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში დღეს მზად არის ხელი მოაწეროს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს რა თქმა უნდა არის საქართველო" - ნათია თურნავა

ამერიკელი კონგრესმენები შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვენ. საქართველოს შესახებ წერილი 8 კონგრესმენმა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს გაუგზავნა. როგორც ამერიკელი კანონმდებლები აღნიშნავენ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კონგრესმენების წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად დიდია აშშ-ს მთავრობის და კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

"ძალიან დროული და მისასალმებელი მიმართვა არის. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ჩვენი მოსახლეობის მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის მიმართ, იმიტომ, რომ ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მუშაობის შედეგიც, იმიტომ, რომ თუ რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში დღეს არის სრულად მზად, რომ დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს რა თქმა უნდა არის საქართველო.

ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის, მთლიანმა ხელისუფლებამ. მათ შორის ეკონომიკის სამინისტრომაც ბოლო წლების განმავლობაში იმუშავა ძალიან აქტიურად აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რათა ყველა წინაპირობა დამდგარიყო იმისთვის, რომ გადავიდეთ უშუალოდ მოლაპარაკებაზე," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია ამერიკელ პარტნიორებთან სავაჭრო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით საუბრობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც კონგრესის წარმომადგენლები აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავენ და პირდაპირ მოუწოდებენ, რომ აუცილებელია ეს თანამშრომლობა საქართველოსთან კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს და მოლაპარაკებები გააქტიურდეს.

დღის ამბები