28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენები აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართავენ

ამერიკელმა კონგრესმენებმა,  აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, კეტრინ ტაის წერილით მიმართეს.

"საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა. საქართველოში,  როგორც განვითარებად დემოკრატიულ ქვეყანაში, აუცილებელია  მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები გატარება, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება კი ამ რეფორმებს კიდევ უფრო დააჩქარებდა" - ნათქვამია წერილში. 

წერილში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მას იდეალურ პარტნიორად აქცევს მსოფლიოში არსებული დაძაბულობისა და არასტაბილურობის ფონზე.  

კონგრესმენები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები ისეთ მყარ საფუძველს ემყარება, როგორიცაა ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ჩარჩო შეთანხმება,  მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება. საქართველოს როგორც ღირებულ პარტნიორს, მათ შორის,  ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, აღიარებს ასევე ევროკავშირიც,  რასაც მოწმობს  ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით.

ამერიკელი კონგრესმენების განცხადებით, დღეს, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას  ეკონომიკის ზრდა-განვითარება წარმოადგენს, აშშ-სთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცება მძლავრ სტიმულს მისცემდა საქართველოში საბაზრო რეფორმებისა და საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას, ხოლო ამერიკულ საქონელსა და მომსახურებებს გზას გაუხსნიდა სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. ამ მხრივ, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს პარტნიორ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის არსებობა. წერილში ნათქვამია, რომ დღეს „როდესაც აშშ-ს რეგიონის არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული, საქართველოსთან ამ მიმართულებით მოლაპარაკებების გაძლიერება ხელს შეუწყობდა აშშ-სა და საქართველოს შორის უფრო მყარი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას“. ამასთანავე, ეს იქნებოდა "მძლავრი სიგნალი, რომ ამერიკის დემოკრატიული ღირებულებები და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული წესები კვლავ ძალაშია და მოქმედებს იქ, სადაც ჯერ კიდევ მყარადაა ფეხმოკიდებული ავტორიტარული  სისტემები".

წერილში ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა; ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი; ასევე, კავკასიის რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა სტაბილურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების მიმართულებით საქართველოს წამყვანი როლი.

წერილს, რომელიც 10 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხელს აწერენ კონგრესმენები: კეროლ მილერი, ადამ კინზინგერი, სტივ უომეკი, ჯონ როუზი, ჯიმი გომესი, ჯერალდ კონოლი, დენ კრენშოუ და ალექს მუნი.

დღის ამბები