28 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ევროპის პოლიტიკურ ცენტრში გაგზავნილი 7 პუნქტიანი წერილი - რას ითხოვს ოპოზიცია ევროკავშირის მაღალჩინოსნებისგან 

ევროკავშირის მაღალჩინოსნების მისამართით საქართველოდან გაგზავნილი წერილის ხელმომწერები 6 პარტია და ორი პოლიტიკოსია ყოფილი მმართველი პარტიიდან - ოპოზიცია ევროპელ მაღალჩინოსნებს ეუბნება, რომ "ქართული ოცნება" ძირს უთხრის ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ევროინტეგრაციას გადაულახავ დაბრკოლებებს უქმნის. ადრესატები: შარლ მიშელი, ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰელი არიან.

წერილის პირველი ხელმომწერი ის პარტია გახდა, რომელმაც ამავე მიმართვის ერთ-ერთი ადრესატის, შარლ მიშელის ავტორობით შექმნილ დოკუმენტს სულ ბოლომ მოაწერა ხელი, მაშინ, როდესაც პოლიტიკური შეთანხმება მმართველი გუნდის მხრიდან უკვე ანულირებულად იყო გამოცხადებული.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და სხვა ოპოზიციურმა ძალებმა ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული პროცესები დოკუმენტში 7 პუნქტად შეაფასეს. დაწერეს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებები ზიანს აყენებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. პარტიები იმედს გამოთქვამენ, რომ 15 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირის ხელმძღვანელობა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

პირველ საკითხად წერილში პარტიები მიშელის შეთანხმების ანულირებაზე მიუთითებენ. აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" შეთანხმების ვალდებულებებს არც მანამდე ასრულდა. ოპოზიცია პარტნიორების ყურადღების გამახვილებას იმაზეც ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულების საშუალება კონკრეტულ ევროპარლამენტარებს არ მიეცათ. ხელისუფლების ოპონენტები მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ მოსამართლეთა დანიშვნას, სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევის. წერილში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სისხლის სამართლის საქმეები.

ოპოზიციის მიმართვაში მმართველმა გუნდმა კონკრეტული პოლიტიკური ძალების სუბიექტური ინტერესები ამოიკითხა. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ 19 აპრილის შეთანხმების პირობების უმრავლესობა უკვე შესრულებულია. "ქართული ოცნების" წევრები ე.წ. პირობითობის მექანიზმის ამოქმედებას სკეპტიკურად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების ქმედებები ხელს სწორედ ევროინტეგრაციის პროცესს უშლის.

ოპოზიციურ პარტიებში თვლიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებულ პროექტში დამატებითი კორექტივები არ უნდა შევიდეს. ამბობენ, რომ ეს პირველ რიგში პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. 

ცვლილებების ბედი, რომ ოპოზიციის ქმედებებზეა დამოკიდებული, ეს წერილის ხელმომწერებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ შეახსენა. ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო ბარიერის საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია, თუმცა რისკები გასათვალისწინებელია. 

დღის ამბები