28 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
საკრებულოს სხდომაზე 2 დღის შემდეგ გამოჩენილი რამიზ რამაზანოვის ხმა დმანისში გადამწყვეტი აღმოჩნდა - ენმ-ს მანდატი "ოცნების" სასარგებლოდ

დმანისის საკრებულოს წევრი - რამიზ რამაზანოვი, რომელსაც საკუთარი პარტიის წევრები ორი დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ დღეს საკრებულოს სხდომაზე გამოჩნდა. მედიასთან განაცხადა, რომ მანდატის "ნაციონალური მოძრაობის" სიით მოპოვების მიუხედავად დამოუკიდებელი დეპუტატობა გადაწყვიტა. დღესვე ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

თვითმმართველ ორგანოში არ მისულან, თუმცა თანაგუნდელზე კომენტარი ოპოზიციაში მაინც გააკეთეს და თქვეს, რომ რამაზანოვმა გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო.

დმანისში დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩიეს. პაატა ყულიაშვილმა მედიასთან დღეს განვითარებულ მოვლენებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის საკითხი კითხვისნიშნის ქვეშ მეორედ დადგა ზუგდიდის საკრებულოშიც. თუმცა დმანისისგან განსხვავებით აქ თავმჯდომარე ვერც ამჯერად აირჩიეს. პროცედურული საკითხების გავლის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა. კვორუმის არ ქონის გამო, კენჭისყრა უკვე მეორედ ვერ შედგა. მორიგ რიგგარეშე სხდომაზე თვითმმართველი ორგანოს წევრები ერთი კვირის ვადაში უნდა შეიკრიბონ.

ზუგდიდისგან განსხვავებით თავმჯდომარე პირველივე შეკრებაზე აირჩიეს ქუთაისის საკრებულოში. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხდომას არ დაესწრნენ კვორუმი მაინც შედგა. საკრებულომ აღარ შეაჩერა "ქართული ოცნების" დეპუტატის ბექა მახარაძის უფლებამოსილება, რითიც ბოიკოტის დაძლევა მოხერხდა.

პროცედურული საკითხების დასრულების შემდეგ უკვე საქმიან რეჟიმზე გადავიდა გორის საკრებულოც. პირველ სამუშაო სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგის შესაბამისად 15 საკითხზე იმსჯელეს. აზრთა სხვადასხვაობა და ხმაური კი, რუსული წარმოების პროდუქციის შეძენისა და ტრანსპორტის აიპის დაფინანსების საკითხებმა გამოიწვია.

ოპოზიციისთვის მტკივნეულია, რომ საკრებულოებში "ქართული ოცნება" უმრავლესობის ფორმირებას ახერხებს - ასე გამოეხმაურა დღის ბოლოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სტაბილური უმრავლესობის ჩამოყალიბება ინდივიდუალური და პერსონალური კონსულტაციების საფუძველზე მოხდება.

საკრებულოების უფლებამოსილების ცნობის საკითხი რამდენიმე რაიონში ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. ქვეყნის მასშტაბით 64 თვითმმართველი ორგანოა აქედან უმრავლესობა უკვე სამუშაო რეჟიმზეა გადასული.

დღის ამბები