28 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელმაც სააკაშვილის ფარულ დაბრუნება​ დაგეგმა - უკრაინა-საქართველოს მარშრუტის ახალი დეტალები

გამოძიებამ გაასაჯაროვა ჩანაწერი, სადაც უკრაინაში მყოფი გია ლორთქიფანიძე ქართველ მძღოლს კოდური სიტყვებით ესაუბრება და სააკაშვილის საქართველოში ფარულ დაბრუნებას გეგმავს. პროკურატურამ ჩანაწერი, გია ლორთქიფანიძის ახალ ბრალდებას მტკიცებულებად დაურთო. 

ხმოვანი შეტყობინება სავარაუდოდ ელგუჯა ცომაიას ტელეფონიდან ამოიღეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის საქმეში დევს ცომაიას ჩვენებაც. საქმის მასალების საფუძველზე, გია ლორთქიფანიძეს საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალი წარედგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ ამ გზით შემოვიდა საქართველოში გემი - "ვილნიუსი", სადაც რძის პროდუქტებთან ერთად, ცომაიას ტრაილერში დამალული სააკაშვილიც იჯდა.

გია ლორთქიფანიძე ცომაიასთან ნაცნობობას არ უარყოფს, თუმცა გამორიცხავს დანაშაულთან კავშირს. მისი ადვოკატები ელგუჯა ცომაიას მამხილებელ ჩვენებას მისთვის საპროცესო შეთანხმების დაპირებით ხსნიან.

გია ლორთქიფანიძე შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო. მის წინააღმდეგ, 26 მაისის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდება არსებობს. ყოფილ მაღალჩინოსანი აქციის დარბევაში ფიგურირებს. მას საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

სააკაშვილის მიერ, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, გია ლორთქიფანიძე მე-6 ბრალდებულია. "ჩერნომორსკის" პორტიდან ფოთში ექსპრეზიდენტი ელგუჯა ცომაიამ ჩამოიყვანა. ფოთიდან აბაშის სოფელ ტყვირში, შემდეგ ბათუმში, უკან აბაშაში და ბოლოს სამეგრელოდან სანზონაში, მისი თანმხლები პირები ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე იყვნენ. ცომაიას კუთვნილი, სანზონაში მდებარე ბინა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბოლო სამალავი იყო, მისი დაკავების დღიდან დალუქულია. 

დღის ამბები