28 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს - რა ვერსიები აქვთ ოპოზიციაში და რას ამბობენ მმართევლ გუნდში

ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს - ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებზე მხოლოდ ვარაუდები ისმის. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ გუნდში კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა იმ პრობლემებს, ვერ მოაგვარებს, რაც ამ სექტორშია დაგროვებული:

"მიგვაჩნია, რომ ის პრობლემები, რაც ჯანდაცვის სექტორშია და რაც დაკავშირებულია კოვიდის მართვასთან, რაღაც ცვლილებებს, რა თქმა უნდა, საჭიროებდა. ამ ყველაფერს მინისტრის გადადგომა გამოასწორებს თუ არა, არ ვიცი, ამით ეს ყველაფერი ასე მარტივად არ გამოსწორდება. ამას სჭირდება სისტემურად განსხვავებული მიდგომა,"- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი. 

"ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია კი, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. 

"რატომ გადადგა არ ვიცი, შეიძლება მან ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი გაუძნელდა, ანდა თვლის, რომ სხვა შეუძლია უკეთ განახორციელოს ეს. ამიტომ, ეს მთლიანად მთავრობის გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაა,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, "ქართულ ოცნებაში" გამორიცხავენ, რომ რაიმე სახის კონფლიქტი და დაპირისპირება უძღვოდა წინ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას: 

"არანაირი დაპირისპირება არ არსებობს გუნდის შიგნით. ის, რომ რაღაც საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, ეს ძალიან ლოგიკურია. რაც შეეხება, ქალბატონი ეკას გადადგომას, ეს გასაგებია ჩემთვის, რადგან მან ახსნა კიდეც გადადგომის მიზეზები. მას ურთულეს პერიოდში მოუწია მუშაობა, პანდემიის გამო. ჩვენ ამიტომ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას და ამის უკან რაიმე კონფლიქტი არ უნდა დავინახოთ,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა, მას ამ გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ რჩება გუნდში და მუშაობას პარტიის პოლიტ საბჭოში გააგრძელებს.

დღის ამბები