28 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება გარანტი, მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის - ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა ფორუმზე

საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის უფლებათა ფორუმზე განაცხადა, რომ მთავრობამ განვლილ პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ადამიანის კონსტიტუციური ხელშეუხებლობის და უფლებების განმტკიცებისთვის.

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ აუცილებელი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება. სწორედ ამ სულისკვეთებით დაიწერა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო.  დეკლარაცია ბუნებითი სამართლის პრინციპებს ეფუძნება და აღიარებს ყველა ადამიანის თანდაყოლილ ღირსებას და თანასწორობას.

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ იყო ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაეს კანონს - საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუცია ასახავს ქართველი ერის ურყევ ნებას ააშენოს დემოკრატიული, თავისუფალი,  სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოს მოსახლეობამ მკაფიო ნება გამოხატა და მხარი დაუჭირა ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების განხორციელებას. საქართველოს ახალარჩეულმა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი რეფორმები ყველა მიმართულებით.

სამთავრობო პროგრამების შესაბამისად, განვლილ პერიოდში მნიშვნელოვანი ძალისხმევა განხორციელდა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის განმტკიცებისა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტების მშენებლობისთვის.

ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობა ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნაზე, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა, ვინაიდან გვწამს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე, აუცილებელია ყველა ჯგუფის და ინდივიდის ინტერესების დაცვა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სრულად ასახავდეს საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ სტანდარტებს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წელს დაიწყო მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც პირველ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ისტორიაში. 2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ადამიანის უფლებების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზების იდეას ეფუძნებოდა და განსაზღვრავდა საქართველოს ხელისუფლების გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებს ამ უფლებათა სფეროში უწყებათაშორისი, მრავალსექტორული, ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბების, „კარგი მმართველობის“ განხორციელების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით.

ამჟამად, მთავრობა მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც ფარავს უფლებების ფართო სპექტრს და ეხმიანება უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისოდ მიღწეულ პროგრესს.

საქართველოს ხელისუფლება არის და იქნება გარანტი, საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვის, განვითარების და წინსვლის შესაძლებლობის. ჩვენ  გვჯერა, რომ მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, შევძლებთ დავძლიოთ გამოწვევები და კიდევ უფრო დავაჩქაროთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებით წარმატების მიღწევა გარდაუვალია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 

დღის ამბები