ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალში, 54 წლის თემურ საგინაძემ ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობები ჯერ მძინარე ცოლს მიაყენა, შემდეგ კი, იმავე განზრახვით, შვილის საძინებელში შევიდა. 21 წლის ბიჭს დარტყმის დროს გაეღვიძა, დაჭრილმა ოთახიდან გაქცევა შეძლო, თუმცა მამა დაედევნა და თავის არეში ნაჯახის ჩარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა.
დანაშაულის დროს, სახლში მამაკაცის კიდევ ერთი შვილი და ასაკოვანი დედა იმყოფებოდნენ - ბებიამ და გოგონამ გაქცევა შეძლეს და თავი მეზობლებს შეაფარეს.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობიდან მალევე, მომხდარის შესახებ 54 წლის კაცმა ახლობლებს თავად შეატყობინა. სატელეფონო ზარის შემდეგ, ის სახლის უკან, ეზოში გავიდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მომხდარის დაჯერება სოფელში უჭირთ. ადგილობრივები "კურიერს" უყვებიან, რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მას პერიოდულად შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.
მეზობლებს და ახლობლებს თემურ საგინაძისგან აგრესიული ქცევა აქამდე არასდროს შეუმჩნევიათ ისინი ჰყვებიან, რომ მამა და შვილი მშენებლობაზე ერთად მუშაობდნენ და სახლის რემონტს გეგმავდნენ, 21 წლის ახალგაზრდა კი დასაოჯახებლად ემზადებოდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ტერიტორია უკვე შეისწავლეს. საგინაძეების ოჯახის 3 წევრის ცხედარს, კი ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე