28 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
"ეს იყო სხვაგან დალექილი ფულის განაწილება რამდენიმე მეგობარს შორის" - აქვს თუ არა სახელფასო დავალიანება "რუსთავი2-ს" ყოფილი თანამშრომლების მიმართ

აქვს თუ არა სახელფასო დავალიანება ტელეკომპანია "რუსთავი2-ს" ყოფილი თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც არხი ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ერთად დატოვეს - ამის შესახებ არხის ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"სახელფასო დავალიანებაზე, ჩვენ გვქონდა ასეთი ვითარება - 20 აგვისტოს, როდესაც ჩემს მიერ რამდენიმე ადამიანის გათავისუფლება მოხდა და ამას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა, ერთ-ერთი საფუძველი იყო ის ჩვენება, რაც ნიკა გვარამიას მეგობარს აქვს მიცემული გამოძიებისთვის. ჩვენთვის, როგორც დაზარალებული მხარისთვის გახდა ცნობილი, რომ კომპანიამ  მიიღო გაცილებით ნაკლები თანხა 2015 წლის ბოლოს, ეს თანხა, რომელიც კომპანიას უნდა მიეღო დარჩა სხვა კომპანიაში, იქიდან ნიკა გვარამიას რწმუნებულმა, მისმა მეგობარმა და მისივე განმარტებით გვარამიას დანიშნულმა, 30% წილის მფლობელმა ადამიანმა, ეს თანხა გამოიტანა და შემდგომ დარიგდა რამდენიმე ფიზიკურ პირს შორის. არ მინდა ამ ადამიანებზე საუბარი, ზუსტად მათზე მეკითხებოდა დღეს ნიკა გვარამია, რატომ არ მივეცი მათ ხელფასები და იყო თუ არა ეს მიზეზი და ამბობდა, რომ ეს პრემიის სახით დარიგდა. არ არსებობს ასეთი დოკუმენტი, რომ კომპანიამ რაიმე პრემიის სახით დაარიგა. ეს იყო უბრალოდ სხვაგან დალექილი ფულის განაწილება რამდენიმე მეგობარს შორის. ასე შეიძლება შეფასდეს და ამას ალბათ მისცემს შეფასებას სასამართლო. ჩემი განცხადება კი ემყარებოდა გარკვეულ ვარაუდებს, რომელიც გააჩინა სურათმა, რომელიც შესაძლებელი იყო დაგვენახა რამდენიმე დღეში," - განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები