28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
"აქიმიძე-დვალმა 600-600 ათასი დოლარი მიიღეს, ნაღდი ფული" - მოუწია თუ არა ქიბარ ხალვაშს დამატებითი თანხების გადახდა, მათ შორის ვანო მერაბიშვილისთვის

რა თანხები გადაუხადა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებს და მოუწია თუ არა მას დამატებითი თანხების გადახდა, სხვა წილების გამოსასყიდადაც, მათ შორის ვანო მერაბიშვილისთვის. ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ისაუბრა და კიდევ ერთხელ  განმარტა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ქიბარ ხალვაში დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან წილების შეძენის ხელშეკრულებას აფორმებდა, მისთვის ცნობილი არ იყო მათზე რაიმე ზეწოლის შესახებ:

"აქიმიძემ და დვალმა, როგორც ქიბარ ხალვაშისთვის იყო ცნობილი, მათთვის მისაღები თანხა, რა ფასადაც ისინი ყიდდნენ ამ წილებს, ეს იყო 1 200 000 ლარი - 600-600 ათასი შესაბამისად, შუამავლის მეშვეობით გადაუხადა და ისინიც ადასტურებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში 100-100 ათასი დოლარი წერია, მათ 600-600 ათასი დოლარი მიიღეს ნაღდი ფულის სახით. ასევე მეორე დღეს უშუალოდ ქიბარ ხალვაშთან შეხვედრისას გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა მათი ვალდებულება, მათი გარანტია გადმოიკისრა, რომელიც "რუსთავი 2-ის" ვალდებულების უზრუნველსაყოფად ჰქონდათ გაწეული. ეს იყო ასევე 1 200 000 დოლარის ვალდებულება და მაშინ დასვა შეკითხვა, ხომ არ ჰქონდათ მათ რაიმე პრეტენზია ქიბარ ხალვაშთან, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო და ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ არანაირი ზეწოლა, ან რაიმე ფორმის მათი ნების საწინააღმდეგო გარიგებას ადგილი არ ჰქონია. ამაზე მათაც აღნიშნეს და შემდგომ უკვე სასამართლო მსვლელობისას ითქვა კიდევაც, რომ შემდგომ უთხრეს და შემდგომ გაიგო ქიბარმა, რომ მათ არ სურდათ თავისი ნებით დაეთმოთ ეს წილები, თუმცა იმ მომენტში როცა გარიგება დაიდო და ხალვაშმა ეს თანხები გადაიხადა, ამ გარიგების დადებაზე რომ მათი თანხმობა არ იყო, ეს ქიბარ ხალვაშისთვის ცნობილი არ იყო.

ქიბარ ხალვაშის ჩვენებაში ის ამბობს, რომ მას მერე, რაც მან ეს 1200 000 გადაიხადა და შეიძინა კომპანიის წილების ნაწილი. მას უთხრეს, რომ თუ სურვილი ექნებოდა კომპანიის 100% მფლობელი ყოფილიყო, მაშინ უნდა გადაეხადა თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა პარტნიორი ეყოლებოდა კომპანიაში, რაც მისთვის იყო მიუღებელი, ამიტომ ის ფაქტიურად იძულებული გახდა გადაეხადა ის თანხა, რაც იყო გადახდილი დანარჩენი წილების შესასყიდად და შესაბამისად ფაქტიურად აღმოჩნდა, რომ დანარჩენი წილი- ეროსი კიწმარიშვილის, უკვე შეძენილი იყო, უფრო სწორად  მიღებული ჰქონდა ეროსი კიწმარიშვილს თანხა და შესაბამისად ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდნენ ქიბარ ხალვაშს და სწორედ ამ 4 მილიონზეა საუბარი, რომელსაც ის თანდათან იხდიდა. მარტივად რომ ავხსნათ, თანხა იყო გადახდილი, რის უკან გადახდასაც სთხოვდნენ ქიბარ ხალვაშს,"- განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს "რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია და კომპანიის 60%-ის ყადაღა გააუქმა. მაგრამ იმის გამო, რომ მოსარჩელე მხარე დავას სხვა ინსტანციებში განაგრძობს ყადაღა მოხსნილად ვერ ჩაითვლება.

დღის ამბები