28 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 ადამიანის ნეშტი ამოცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს. აქვე ნათქვამია, რომ მთლიანობაში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჯერაც 2 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად.

"1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული რვა პირის ოჯახს შეატყობინეს, რომ მოხდა მათი ახლობლების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით.

ნეშტების ექსჰუმაცია განხორციელდა აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე 2017-2019 წლებში, „1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე“ საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ეს მექანიზმი, რომელშიც აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული, მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით 2010 წლიდან მოქმედებს.

მეტად სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემის დღე ემთხვევა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხატის დღეს; 8 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს „ღვთისმშობლის სამი სიხარულის“ ხატის დღეს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მფარველად ითვლება. პატრიარქმა ეს ხატი 2014 წელს აკურთხა.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია ჩატარდება 9 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში, თბილისში.

"ყოველთვის, როცა ოჯახებს ვატყობინებთ მათი ახლობლების ამოცნობის შესახებ, ცხადია, ვფიქრობთ იმ 2 300-ზე მეტ ადამიანზეც, რომლებიც უკვე ათწლეულებია, რაც უგზო-უკვლოდ არიან გაუჩინარებული,“ - აღნიშნავს დანიელ მაკსვინიICRC-ის დესპანი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხებზე კავკასიაში.

"მათი ოჯახებისათვის მნიშვნელოვანია მოძიებისა და ამოცნობის პროცესის, ასევე, ამ ოჯახების მხარდაჭერის ეფექტურობისა და მდგრადობის გაზრდა. ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ ყველა მხარის მეტი ჩართულობითა და კონკრეტული ინვესტირებით საჭირო შესაძლებლობების განვითარებაში, რაც მათ საშუალებას მისცემს 2022 წლიდან საკუთარ თავზე აიღონ ის ამოცანები, რომლებსაც ამჟამად საერთაშორისო წითელი ჯვარი ახორციელებს."

2010 წელს ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ (რომელთაგან ერთი 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლების და 2008 წლის ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს) სულ 598 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 219 (მათ შორის ეს რვა ნეშტი) ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.

მთლიანობაში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჯერაც 2 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები