28 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ვის რამდენი ლარით გაეზრდება პენსია - სახელმწიფო შემწეობა იანვრიდან ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გაიცემა

მომდევნო წლის იანვრიდან პენსია ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იზრდება. 70-წლამდე პირებისთვის თანხა 260 ლარი გახდება, 70 წლის ზემოთ კი - 300, 360 ლარს მიიღებს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პენსიონერი. ხანდაზმული მოქალაქეები გადაწყვეტილებას მიესალმებიან და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად პენსიის ეტაპობრივ ზრდას ელოდებიან.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტის განსაზღვრისას, ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტი დეფიციტის შემცირება იყო, რაც თავის მხრივ შეზღუდვაა ხარჯების ზრდის ნაწილში. თუმცა ამ ფაქტორის მიუხედავად, მომდევნო წლისთვის პენსიებისა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასების 10%-იანი ზრდისთვის თანხები მაინც გაითვალისწინეს. იზრდება ომში მონაწილე ვეტერანთა დახმარებაც.

2022 წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, დაფინანსება ეზრდება სამინისტროებს. ყველაზე მეტი თანხა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უწყებისთვის - 6 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2,8 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. პრიორიტეტულ მიმართულებებში კი საგზაო, წყალმომარაგების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. გაზრდილი მაჩვენებლების მიუხედავად ოპოზიციას ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვს.

მომდევნო წლის ბიუჯეტი უკვე სამუშაო მაგიდაზეა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან. ირაკლი კოვზანაძე იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ბიუჯეტის პარამეტრებშია გათვალისწინებული.

მომავალი წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით მილიარდ 310 მილიონი ლარით გაიზარდა და 19 მილიარდზე მეტს შეადგენს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე, რომელიც მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს, პრემიერმა თქვა რომ დაპირება ხელფასის და პენსიის მატებასტან დაკავსირებით თანხობრივად უკვე აისახა. ბიუჯეტი სესიაზე დასამტკიცებლად მომდევნო კვირაში გავა.

დღის ამბები