28 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს სააკაშვილის წამება ჰგონია, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და აგიხსნით, რა იყო წამება - კახა კალაძე 

თბილისის მერის თქმით, განურჩევლად თანამდებობისა კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ზვიად კუპრავას შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა - "არის თუ არა მისაღები თბილისის მერისთვის საქართველოს პრეზიდენტის, არა მესამე პრეზიდენტის, არამედ ზოგადად საქართველოს პრეზიდენტის ფარმაკოლოგიური წამება, წამება ფიზიკური, მათ შორის რომელიც გაიარა გლდანის დაწესებულებაში, ზოგადად საქართველოს პრეზიდენტის პატიმრობა".

ამ კითხვამ კალაძის გაკვირვება გამოიწვია, რადგან მისი თქმით, პირადი ექიმის დანიშნული მედიკამენტების მიღება წამებასთან კავშირი არ აქვს, ხოლო რაც შეეხება ზოგადად წამებას, ამაზე უკეთეს განმარტების მისაღებად თბილისის მერმა ოპოზიცია მეგის ქარდავასთან გადაამისამართა. 

"არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა, დაკავება და საპატიმროში ყოფნა. ვინც არ უნდა იყოს ის, არ აქვს მნიშვნელობა.

ადამიანურად ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, როცა შექმენი ის მმართველობა, ის სისხლიანი, ის ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი.

მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე გასამართლებული და იხდის სასჯელს. შესაბამისად, სააკაშვილი არის დამნაშავე და ის იხდის სასჯელს. საკუთარი ექიმების მიერ დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება.

გვერდზე რომ გიზით ბატონი ონიანი, ჰკითხეთ, წამება როგორი იყო და როგორ აწამებდნენ ადამიანებს. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები, ეს არის სამწუხარო რეალობა,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები