28 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ მოახდენს საქართველო რეფორმების ეფექტურ იმპლემენტაციას - ხავიერ კოლომინა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკის ერთგულია, თუმცა გასათვალისწინებელია, დღეს არსებული სიტუაცია, რეალობა და გეოსტრატეგიული მდგომარეობა.

 "ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მოვახდინოთ თანამშრომლობის ყურადღების კონცენტრაცია სტრატეგიულ მიზნებზე, ესენია, თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, ურთიერთავსებადობა, საქართველოს მედეგობა, საზღვაო სფეროში თანამშრომლობა და სიტუაციის ცნობადობა. ეს არის პრაქტიკული თანამშრომლობა, რომელზეც ვართ ფოკუსირებულები.

 ჩვენ ასევე ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ მოახდენს საქართველო რეფორმების ეფექტურ იმპლემენტაციას, რაც გვჯერა, აუცილებელია. ჩვენ ეს გზავნილი უკვე გადავეცით საქართველოს ხელისუფლებას. მუდმივად პოლარიზებული პოლიტიკური სცენა ზოგიერთ რეფორმასთან დაკავშირებით ხანდახან სათანადო გზავნილის გაკეთებაში ხელს არ გვიწყობს, საუბარი მაქვს მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმაზე და უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულებაზე. ეს იქნება მეორე საკითხი, სადაც შედეგის მიღწევა და პროგრესი შესაძლებელია.

მესამე იქნება ის ზომები, რომლებსაც ვიღებთ ურთიერთობების გასაღრმავებლად ასპირანტ ქვეყნებთან. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რომელიც პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვან ზომებს შეიცავს. მათ შორის პოლიტიკურ და სამხედრო თანამშრომლობას. ჩვენ ვეცდებით, ამ კუთხით შედეგებს მივაღწიოთ. ის ფაქტიც კი, რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან რიგაში, მიუთითებს მოკავშირეების სურვილს, თანამშრომლობა წინ წავწიოთ. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ღია კარის პოლიტიკაში გარღვევა ძალიან რთულია. ცხადია, ნატო ღია კარი პოლიტიკის ერთგულია, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, როგორია დღეს არსებული სიტუაცია, რეალობა და გეოსტრატეგიული მდგომარეობა,"- განაცხადა კოლომინამ.

დღის ამბები