პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე, წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მეორე არასრულწლოვანს, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო, მეორე არასრულწლოვანმა იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეში წარმოდგენილია ათეულობით მოწმის ჩვენება.
"მტკიცებულებები მოპოვებულია, საქმეში წარმოდგენილია ათეულობით მოწმის ჩვენება. გარდა ამისა ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს საბოლოო ჯამში, ორივე ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, რადგან აღნიშნულ ეტაპზე არსებობს ორივე არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. ამოღებულია არაერთი ტანსაცმელი, რომელიც პირდაპირ შემხებლობაშია საქმესთან. რაც შეეხება კონკრეტულად დანის არსებობას, რა თქმა უნდა, ამაზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭიროებს აღნიშნულ საქმეს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მეორე არასრულწლოვანს, რომელიც გარდაიცვალა. მეორე არასრულწოვანმა იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს. ამ ეტაპზე გრძელდება გამოძიება. თავის დაცვის მიზანი არ ყოფილა, ეს იყო განზრახ მკვლელობა," - განაცხადა საქმის პროკურორმა.