მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი 266 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღემატება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიაში დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება. შეზღუდვები აუცრელ ადამიანებს შეეხებათ.
გერმანიაში კი გარკვეულ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.
გაერთიანებული სამეფოს ექსპერტები შიშობენ, რომ "ომიკრონის" შტამი ქვეყანაში დომინანტური გახდება, რის შემდეგაც მოგზაურობაზე შეზღუდვები საკმარისი არ არის და საზოგადოებას აცრისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
ახალი შტამი დომინანტური ხდება სამხრეთ აფრიკაში, სადაც საავადმყოფოები სულ უფრო მეტი ადამიანის მისაღებად ემზადებიან. როგორც ექსპერტები ამბობენ, "ომიკრონის" შტამს სამხრეთ აფრიკის ქვეყნები ვირუსის გავრცელების ახალი ტალღისკენ მიჰყავს.
"ომიკრონის" პირველი შემთხვევა გამოვლინდა ტაილანდში. ინფექცია ქვეყანაში შესულ შეერთებული შტატების მოქალაქეს დაუდასტურდა.
"ომიკრონის" გავრცელების პარალელურად, ბელგიაში COVID-19-თან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები გააპროტესტეს მოქალაქეებმა. საპროტესტო გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის ბარიკადების გარღვევა სცადეს, სამართალდამცავებს პიროტექნიკა და ქვები დაუშინეს, საპასუხოდ კი პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 პოლიციელი, დაკავებულია 20 დემონსტრანტი.
რეგულაციები გააპროტესტეს ავსტრიაშიც. მიმდინარე ლოკდაუნისა და სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლო შემოღების საწინააღმდეგოდ საპროტესტო მსვლელობა ვენაში 40,000-ზე მეტმა ადამიანმა გამართა.
ავტორი: თიკო ცერცვაძე