28 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
რა წერია რეალურად და რატომ გახდა მე-9 კლასის სახელმძღვანელო პოლიტიკური დაპირისპირების საგანი 

პოლიტიკური ბრალდებებისა და ურთიერთდაპირისპირების ახალი მიზეზი, ამჯერად მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ხდება. ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული ჩანაწერის შემდეგ, აჟიოტაჟი რუსეთ-საქართველოს ომზე ატყდა.

წერია, თუ არა იგივე ტექსტი უახლესი ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, რაც თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაიწერა? - ეს კითხვა დღეს ბრალდებების საპასუხოდ "ქართულმა ოცნებამ" დასვა.

სკოლის სახელმძღვანელოში წერია, რომ 6-7 აგვისტოს ქართულ სოფლებს ცეცხლი ოსური მხრიდან გაუხსნეს, პრეზიდენტის მიერ კონფლიქტის ზონაში სამხედრო ძალების შეყვანას კი, რუსთის ფედერაციამ სამხედრო აგრესიით უპასუხა. ამ ფორმულირებას ოპოზიციის ნაწილი აღიქვამს, როგორც ომის დაწყებას ქართული მხრიდან, "ქართული ოცნება" კი, აცხადებს რომ "ნაციონალური მოძრობა" საკუთარი ინტერესების გამო ტექსტის ინტერპრეტაციას ახდენს და ამით კვალავაც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.

ისტორიის სახელმძღვანელოში ოპოზიციის ერთი ნაწილი, წიგნში უფრო მკაფიო ჩანაწერის არსებობას ითხოვს, სადაც მათი თქმით, რუსეთი პირდაპირ უნდა იყოს მოხსენიებული როგორც ოკუპანტი ქვეყანა.

მმართველი პარტიისთვის კი სახელმძღვანელოში აღწერილი მოვლენები, რეალურად მომხდარი ფაქტების აღწერაა უახლოესი წარსულიდან. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ოპონენტებს ალტერნატიული ისტორიის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ისტორიის სახელმძღვანელოში აგვისტოს ომის შესახებ ჩანაწერი, არ არის ერთადერთი მონაკვეთი, რის გამოც დღეს პოლიტიკური ურთიერთბრალდებები ისმოდა. ოპოზიციისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა წიგნის ის თავი, სადაც ბიძინა ივანიშვილი მეცენატად და ქველმოქმედად არის მოხსენიებული.

ისტორიის ამ სახელმძღვანელოს გრიფი, საქართველოს განათლების სამინისტრომ გასულ წელს მიანიჭა. წიგნი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან დღემდე ყველა ხელისუფლების დროს და იმ პერიოდში მოღვაწე პოლიტიკური ლიდერებისა და მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.

არსებული სასწავლო პროგრამის მიხედვით, მოსწავლე ვალდებულია ისწავლოს საქართველოს ისტორიის უმთავრესი ეპიზოდები უძველესი დროიდან დღემდე.

დღის ამბები