28 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ტაქტიკას ცვლის - რისგანაა გამოწვეული ოკუპანტი ქვეყნის ხისტი პოლიტიკა

აფხაზეთის ე.წ "დამოუკიდებლობა", რომ უბრალოდ ფიქციაა, ამაზე მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ. ამ აბსუდული იდეის დაჯერება უჭირს უკვე ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასაც. აფხაზეთის დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობა ეჭვქვეშ თავად ე.წ "პრეზიდენტმა" დააყენა.

ქართველი ანალიტიკოსი, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობა ოფიციალური თბილისის საგარეო ევროპული და ატლანტიკური კურსისადმი ერთგულებით არის გამოწვეული, ეს კრემლის გაღიზიანებას იწვევს და დღეს უკვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების სრული იგნორირებით, ხისტი ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება.

მეტი სირთულის და წინააღმდეგობის შესაქმნელად ოკუპანტმა ქვეყანამ რბილი ძალის ტაქტიკა შეცვალა. აფხაზეთის ე.წ "საგარეო საქმეთა სამინისტროს" უკვე თვეზე მეტია კრემლის კედლებში გამოწვრთნილი ინალ არძინბა ხელმძღვანელობს. პირი, რომელიც პუტინის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის ერთგული კადრია. კადრი, რომელიც უკრაინის მტრების სიაში მოხვდა და რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. არძინბას კლანმა უკვე დაიწყო კრემლისთვის მიუღებელი და პოტენციურად საშიში პირების შევიწროება.

აფხაზეთის საზოგადოება კი, რომელიც რუსული ფინანსების ტყვეობაში იმყოფება, პროტესტს არა ქუჩის დემონსტრაციებით და მიტინგებით, არამედ ვიწრო წრეში საუბრით გამოხატავს, ვინაიდან ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკის 80%-ზე მეტი სწორედ ოკუპანტის შემოწირულობებზეა დამოკიდებული. ეს არის პენსიები, ხელფასები, სუბსიდიები და გრანტები, რომელიც ასევე რუბლებში გაიცემა. ნებისმიერი საქმის წარმოებაც რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ოკუპანტისთვის ე.წ "სუვერენიტეტის გაყოფის" შესახებ განცხადებაც დე ფაქტო პრეზიდენტმა რუსულ ენაზე გააკეთა; შესაბამისად, ანალიტიკოსები ანექსიას და სრულ რუსიფიკაციას მომდევნო პერიოდის განმავლობაში უფრო აქტიურად ელოდებიან.

პროპაგანდის გარდა, ოკუპანტი ქვეყანა ქართული კვალის წაშლას განაგრძობს. აფხაზეთის სკოლებში უკვე თითქმის სამი თვეა ქართული ენის სწავლა შეიზღუდა.

დღის ამბები