28 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
გადატვირთული კლინიკები და რეანიმაციული განყოფილებები - ექიმების თქმით, ეპიდსიტუაცია საგანგაშოა

კორონავირუსის გავრცელების კუთხით, საქართველოში ეპიდმდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმების თქმით, კლინიკებში რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადატვირთულია. მძიმე პაციენტების განთავსება ჰოსპიტლებში ყოველდღიურად ხდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ვითარება საგანგაშოა. 

"ჩვენს კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში 72 პაციენტია. მიგვაჩნია, რომ ეს საგანგაშო ვითარებაა. ეს არის საკმაოდ რთული ვითარება ისევ და გვმართებს გაათკეცებული მცდელობები იმისთვის, რომ როგორმე მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევათა რაოდენობა. მუდმივად ჩნდება ახალი შტამები, რომლებიც ეპიდსიტუაციას ცვლიან არამარტო ჩვენთან, არამედ მთელს დედამიწაზე. ძალიან მნიშვნელოვანია აცრების დაჩქარება, რომ ყველამ გააცნობიეროს აცრების მნიშვნელობა და, რა თქმა უნდა, ყველა რეგულაციის დაცვა,"- აცხადებს ლევან გოფოძე. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი.

დღის ამბები