როგორ მოხერხდა წარმატებული ბიზნესის აწყობა პანდემიის პირობებში - როგორც ირკვევა, ზრდის მაჩვენებელი, მიმდინარე წელს, მთლიანად ბიზნეს სექტორს შეეხო.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 38.5 პროცენტით გაიზარდა და 40.5 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. აქ მოცულობა 15.0 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 29.0 პროცენტით მეტია.
მესამე კვარტალში გაზრდილია დასაქმების მაჩვენებელიც. დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 678.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია.
მთავრობის, მათ შორის სააგენტო "აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელები ამ შედეგებს კონკრეტულ წამახალისებელ პროგრამებს უკავშირებენ.
როდესაც მიმდინარე წლის მესამე კვარტალს წინა წლის იმავე პერიოდს ადარებენ, განსხვავებულ აქცენტებს სვამენ პოლიტიკოსები. მაგალითად ოპოზიციონერი დეპუტატები, ზრდას წინა წლის პარალიზებით და პანდემიით ხსნიან. ამ ეფექტს არ უარყოფენ მმართველ პარტიაშიც, თუმცა მათთვის მეტად საგულისხმო მთავრობის გადაწყვეტილებები და ეკონომიკური პოლიტიკაა.
ბიზნესის ბრუნვის, წარმოებისა და დასაქმების შესახებ საქსტატის კვარტალური მონაცემები, ეკონომიკური სურათის კონტურებს ქმნის, თუმცა როგორც პოლიტიკოსები, ასევე სფეროს ექსპერტები და თავად ბიზნესიც, წლის შედეგების შეჯამებას ელოდება. წლიური პროგნოზი დაგეგმილზე მეტია - ორნიშნაა და მინიმუმ 10 პროცენტს შეადგენს.