28 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულო დღეიდან უფლებამოსილია - ოპოზიციის ნაწილმა სხდომა დატოვა, ნაწილი კი საერთოდ არ მივიდა

დედაქალაქის მთავარ თვითმმართველ ორგანოში, უკვე მესამედ, უმრავლესობა მმართველი გუნდის დეპუტატებმა შექმნეს და თავმჯდომარეც დაამტკიცეს. 27 მომხრე და 1 წინააღმდეგი - გიორგი ტყემალაძეს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ამ პოსტზე ნდობა უკვე მეორედ გამოუცხადეს. უფლებამოსილების შესრულებას თავმჯდომარე კენჭისყრის დასრულებისთანავე შეუდგა.

საკრებულოში ადგილი მოიპოვეს, თუმცა პირველ სხდომაზე არ გამოცხადდნენ ბადრი ჯაფარიძე და თენგიზ კირთაძე. საკუთარ მანდატზე უარი თქმის გამო, "ლელოსა" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრების ადგილმონაცველეები, საკუთარი პარტიებიდან იქნებიან. იმ მიზეზით, რომ ბადრი ჯაფარიძე დღეს საკრებულოს პირველ შეკრებაზე არ გამოცხადდა, ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, სხდომა უხუცესმა დეპუტატმა - ნიკო კახეთელიძემ გახსნა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კენჭისყრის შემდეგ დაასახელა ის არგუმენტები, რის გამოც ისინი პირველ სხდომაზე აღარ გაჩერდებოდნენ. კიდევ უფრო ადრე დარბაზი პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა დატოვეს.

ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ვერც მეშვიდე მოწვევის საკრებულოში დაიკავა. თვითმმართველ ორგანოში დღეს, კენჭი სამივე მოადგილეს უყარეს. პირველ მოადგილედ გიორგი ახვლედიანი აირჩიეს. პოსტები დაიკავეს თინათინ იბლოშვილმა და ზურაბ აბაშიძემაც.

დღევანდელ სხდომაზე სამი ფრაქცია დარეგისტრირდა. 29 წევრიანმა უმრავლესობამ საკრებულოში 1 ფრაქცია შექმნა. ასევე 1 ფრაქცია შექმნა 13 წევრიანმა "ნაციონალურმა მოძრაობამაც". ერთი ფრაქცია ეყოლება პარტიას - "საქართველოსთვის". ამ დრომდე კი უცნობი რჩება, თუ სად გააგრძელებენ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატები - საბა ბუაძე და ალექსანდრე რატიშვილი.

დღის ამბები