28 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
მკვლელობა ქობულეთში - ახალი დეტალები სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაულის შესახებ

მკვლელობა ქობულეთში - სასიკვდილო ჭრილობა 22 წლის მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დანაშაული დილით ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ბრალდებულსა და მოკლულს შორის დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა მკვლელობის მოტივი მათთვისაც უცნობია.

სავარაუდო დამნაშავე ოზურგეთში მცხოვრები ჯონი ცეცხლაძეა. მისი ოჯახი ამჟამად ბათუმში ცხოვრობს. "კურიერი" ბრალდებულის მამას დაუკავშირდა, რომელსაც ვერსიებზე საუბარი უჭირს. მას მოკლულსა და ეჭვმიტანილს შორის კავშირზე ინფორმაცია არ აქვს. მამა ამბობს, რომ მისი შვილი ქობულეთში სამუშაოდ, მანდარინის საკრეფად იყო ჩასული და ის ცხოვრობდა სასტუმროში, რომლის მიმდებარედაც დანაშაული მოხდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ აჭარაში სეზონურ სამუშაოზე იყო ჩასული მსხვერპლიც, 22 წლის იაშა ისმაილოვი.

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მოკლული და ბრალდებული ერთმანეთს იცნობდნენ. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი ჯონი ცეცხლაძე ამჯერად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის.

დღის ამბები