28 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
"ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო გარკვეული პერიოდი უბრალოდ ფეხზე დასადგომად დამჭირდა..." - გიორგი ბირბიჩაძის ემოციური მიმართვა

თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბირბიჩაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ბირბიჩაძე წერს, ის ასრულებს დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობას, თუმცა დედაქალაქის და უბნების განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობაში კვლავაც იქნება სხვა სახით ჩართული.

"თბილისის მე-6 მოწვევის საკრებულომ დაასრულა მუშაობა და შესაბამისად, მეც დავასრულე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობა.

ვასრულებ საქმიანობას, თუმცა არ ვწყვეტ კავშირებს თქვენთან და მუდამ გვერდით მიგულეთ ჩვენი დედაქალაქის და უბნების განვითარებისკენ მიმართულ სასიკეთო საქმეებში," - წერს გიორგი ბირბიჩაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო გარკვეული პერიოდი მოკლებული იყო საქმიანობას.

"სამწუხაროდ, დაახლოებით წელიწადნახევარი, ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარების გამო, მოკლებული ვიყავი შესაძლებლობას, მაქსიმალურად ჩავრთულიყავი მიმდინარე პროცესებში, ხოლო შემდეგ ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო გარკვეული პერიოდი უბრალოდ ფეხზე დასადგომად დამჭირდა, თუმცა არც ერთი დღე არ შემიწყვეტია ჩემს ამომრჩევლებთან და დახმარების მსურველ ადამიანებთან კავშირი და ამას ყველა არჩევნებზე ამბობს ჩემი ხალხი სიტყვითაც და საქმითაც.

მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებმაც მომცეს შესაძლებლობა, მეკეთებინა საქმე, რომელიც მიყვარს და ვყოფილიყავი დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი.

ასევე, დიდი მადლობა ჩემს ამომრჩევლებს, თითოეულ მათგანს ერთხელ მაინც შევხვედრივარ და გულითადად ვიმედოვნებ, დამეთანხმებიან, რომ არასოდეს დამიშურებია ძალა მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, შესაძლებლობების ფარგლებში. ყოველთვის გულთან მიმქონდა მათი სურვილები, არსებული რესურსების გათვალისწინებით, რომელიც სამწუხაროდ ამოწურვადია.

მადლობა საკრებულოს თითოეულ თანამშრომელს ყველაზე დაბალი რგოლიდან უმაღლესამდე და მადლობა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის.

უდიდესი მადლობა ქალაქ თბილისის მერიას და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს დაუღალავი შრომისთვის. შევხვდებით," - წერს გიორგი ბირბიჩაძე.

დღის ამბები