28 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
კრემლის მუქარა და ვაშინგტონის პასუხი - ვინ რა კონტექსტში ახსენა საქართველო ეუთოს სამიტზე

კრემლის მუქარა და ვაშინგტონის პასუხი. სტოკჰოლმში ეუთოს სამიტზე 47 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ხვდებიან. ვინ რა კონტექსტში ახსენა საქართველო? კრემლისთვის საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაღმია ევროპული უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფო მდივანმა კი მოსკოვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების არსებობა შეახსენა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს მოსკოვის ჩვეული რიტორიკაა და საქართველოს კურსი ურყევია.

საერთაშორისო კონფერენციების ყველაზე საინტერესო ნაწილი დეტალებშია - გადალაპარაკებები, დაზუსტებული პოზიციები თუ შერჩეული თანამოსაუბრეები, აქ ბევრის მთქმელია. თქმა დავით ზალკალიანმაც მოასწრო. მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პირველ დიპლომატთან ხანმოკლე კომუნიკაციის შემდეგ - ენტონი ბლინკენი და საქართველოს მეგობართა ჯგუფის სხვა წევრები ერთად უკვე სამახსოვრო ფოტოზე მოხვდნენ.

ამ კომუნიკაციამდე ამერიკელ დიპლომატს უფრო ხანგრძლივი და წინააღმდეგობრივი საუბარი ჰქონდა მინისტერიალის მთავარ ანტაგონისტთან. სერგეი ლავროვს ტრადიციისთვის არც ამჯერად უღალატია და ევროპელების განწყობებს რუსული რეალობა შეახსენა, რომელიც ლიბერალურ სახელმწიფოებრივ წყობას ემიჯნება და ნატოს კატასტროფულ შედეგებში ადანაშაულებს. ლავროვი არც იმას მორიდებია, რომ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო კონტიგენტის მობილიზების ფონზე უსაფრთხოების ვითარების გაუმჯობესებაზე ესაუბრა.

მართალია შეხვედრაზე კავკასიის საკითხებზე მსჯელობა სხვა მიმართულებით შედგა, თუმცა სერგეი ლავროვმა საქართველოზე ბევრი ისაუბრა ეუთოს მინისტრებთან სხდომაზე. კერძოდ მან ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ხმამაღალი და არამეგობრული განცხადება გააკეთა. ჩანს, რომ რუსეთი ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებით დღემდე შეწუხებულია და ამის პერმანენტული გამეორებაც აღიზიანებს. გაღიზიანებაზე მეტია ის, რასაც რუსეთის დამსახურებით საქართველო ყოველდღიურად განიცდის და ეს სესიაზე რუს კოლეგას საქართველომაც შეახსენა.

თბილისს ლავროვის გზავნილებმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მაგალითი გაახსენა, რუსეთს სხვა პოზიცია არც ამ სახელმწიფოების ნატოში ინტეგრაციაზე ჰქონია, თუმცა ამას პროცესი არ შეუფერხებია. ასე რომ კურსი არ შეიცვლება. მით უმეტეს, რომ საქართველოს მეგობრები დღეს კიდევ ერთხელ გაემიჯნენ რუსეთის ამგვარ მიდგომას.

საქართველო-რუსეთის კონფლიქტი დღეს არაერთი სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ეუთოს წარმომადგენლობა ხაზს იმ ჰუმანიტარულ პრობლემებს უსვამდა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთმა შეიქმნა. მოცემული სტატუს კვო ეუთოს სრული უმრავლესობისთვის მიუღებელია. ამაზე უფრო მკაფიოდ საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაშიცაა საუბარი,რომელიც უკვე ხვალ გასაჯაროვდება.

დღის ამბები